მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა რეკორდი დაამყარა

მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა რეკორდი დაამყარა

ცოტა ხნის წინ, მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა, კომპანია Stratolaunch-ის Roc-მა საცდელი ფრენისას რეკორდი დაამყარა. საფრენმა აპარატმა ჰაერში ექვსი საათი დაყო, რაც ამ ზომის თვითმფრინავისთვის საუკეთესო შედეგია. Stratolaunch-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტესტირებისას გადამზიდმა თვითმფრინავმა მაქსიმალურ სიმაღლეს 6,860 მეტრს მიაღწია.

Roc-მა, რომლის ფრთების სიგრძე 117 მეტრს შეადგენს, რიგით მეცხრე სატესტო ფრენა კალიფორნიაში მდებარე მოჰავეს უდაბნოს თავზე შეასრულა. საცდელი ფრენისას გადამზიდმა თვითმფრინავმა ჰაერში Stratolaunch-ის ზებგერითი სატესტო მანქანა Talon-A აიტანა. ამ უკანასკნელმა სატესტო ფრენაში მონაწილეობა უკვე მეორედ მიიღო. წლის ბოლოს კომპანია ტესტირებებისას Roc-ისა და Talon-A-ის განცალკევებას შეეცდება.

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, პოლ ალენმა Stratolaunch-ი 2011 წელს დააარსა. კომპანიის თავდაპირველი მიზანი თვითმფრინავის დახმარებით კოსმოსში რაკეტების გაშვება იყო. შეგახსენებთ, სწორედ მსგავს სტრატეგიას მიმართვას ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის მიერ დაფუძნებული კომპანია Virgin Orbit-ი, ასევე ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ი.

2018 წელს, პოლ ალენის გარდაცვალების შემდეგ, Stratolaunch-ი Cerberus Capital Management-მა შეიძინა და მისი ფოკუსის შეცვლა დაიწყო. ამჟამად Roc-ი არის საჰაერო გამშვები პლატფორმა, რომელიც ზებგერითი კვლევებისთვის და ამ მიმართულების განვითარებისთვის გამოიყენება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *