მთავრობის „უჩინარი ხელი“ ინფლაციაში: რა გავლენა აქვს დღგ-ს ფასების მატებაზე?

მთავრობის „უჩინარი ხელი“ ინფლაციაში: რა გავლენა აქვს დღგ-ს ფასების მატებაზე?

2021 წელს საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 13%-იანი ინფლაციაა – ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილზეა ყველაზე მაღალ ინფლაციებს შორის. ფასების მატება მთელ რიგ პროდუქტებს შეეხო, დაწყებული საწვავის ფასებით, რაც გლობალურად გაზრდილი ფასებითაა განპირობებული, დასრულებული სურსათით თუ სხვა სამომხმარებლო პროდუქტებით.

ინფლაციის მატებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, თუმცა საბოლოოდ მისი შედეგი არის ერთი და უმძიმესი: ესაა მოქალაქეთა ხელში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობის კლება.

რა არის ის მიზეზები, რაც აყალიბებს და მოქმედებს ინფლაციაზე? საბაზრო ფაქტორები, მონეტარული პოლიტიკა და კრედიტის ღირებულება, გაცვლითი კურსი, ბიუჯეტის ხარჯები და მისი დეფიციტის დონე, საგადასახადო ცვლილებები და გადასახადების დონე – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ინფლაციაზე პირდაპირ და ირიბად მოქმედებენ.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტად, 6.7%-ით შემცირდა, სახელმწიფომ ორი ლოკდაუნის შედეგად ათიათასობით ბიზნესს საქმიანობა შეუზღუდა, რასაც ათასობით ადამიანის უმუშევრობა მოჰყვა. მთავრობამ ამავე პერიოდში $4 მილიარდის საგარეო კრედიტები მოიზიდა, 2020 წელსვე სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ 9.4%-ს ასცდა. რას ნიშნავს ბიუჯეტის დეფიციტი? ბიუჯეტის დეფიციტი ნიშნავს, რომ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მთავრობის მიერ გაღებული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ვალით იყო დაფინანსებული. რადგან ქვეყანას არა აქვს საკმარისი საკუთარი შემოსავლები, ამიტომ იღებს ვალს, რომელსაც შემდგომ წლებში ისტუმრებს ისევ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. ასეთი ხარჯვა კი, ანუ ხარჯვა ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის პირობებში, ყოველთვის აისახება ინფლაციაზე და მისი ზრდის პროვოცირებას იწვევს. შედარებით მაღალი დეფიციტი გაგრძელდა 2021 წელსაც, რამაც მიმდინარე წელს მაღალი ინფლაციის პროვოცირება მოახდინა.

გაზრდილი ინფლაციის შესამცირებლად სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეიცვალა ბოლო მდგომარეობით არსებული მოლოდინიც და 2022 წელს ქვეყანაში ინფლაციის შემცირება მოხდება უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე ამას სებ-ი წარსულში პროგნოზირებდა. განახლებული სცენარის თანახმად, მომდევნო წელს ინფლაცია მხოლოდ 7%-მდე მცირდება.

თავად რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიზანია ადგილობრივი მოხმარების იმგვარად შემცირება, რომ პროდუქციის მიმწოდებლებმა სარეალიზაციო ფასების ზრდაზე უარი თქვან, თუმცა ამ პროცესს საკმაოდ ხანგრძლივი გადაცემის მექანიზმი აქვს და ის ავტომატურად შემცირებულ ინფლაციაში არ აისახება.

ისიც ფაქტია, რომ გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის შედეგად ეროვნული ვალუტის კრედიტის მომსახურება გაძვირდა, რამაც ბიზნესებს დამატებით ხარჯები გაუზარდა. შესაბამისად, ამან თავისი ასახვა პოვა ნებისმიერი პროდუქციის საბოლოო ფასში. ამაზე დიდად არც ბიზნესი საუბრობს, თუმცა მომხმარებლები, მოქალაქეები იმავე პროდუქციაში გაზრდილ საფასურს იხდიან.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოში არის ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე და მთლიანად ფინანსური სისტემის მდგრადობაზეა პასუხისმგებელი, ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ მეტად გავშალოთ თემა – თუ რა როლი აქვს მთავრობას და პარლამენტს ფასების ზრდაში. ინფლაციაზე (ფასების ზრდა, მსყიდველუნარიანობის შემცირება) ამ ფაქტორების გარდა მოქმედებს მთავრობის საგადასახადო პოლიტიკაც. თუკი ინფლაციაზე მონეტარული პოლიტიკის ეფექტის გავლენის დათვლა შედარებით რთულია და ასახვის პროცესი შედარებით ხანგრძლივი (სხვადასხვა გათვლით – 3-5 თვე), უფრო მარტივია საგადასახადო პოლიტიკის პირდაპირი გავლენის შეფასება და დათვლა. გადასახადებს შორის კი ყველაზე დიდი გავლენა ინფლაციაზე დღგ-ს აქვს.

როდესაც ნებისმიერ საქონელს და მომსახურებას ყიდულობთ, ამ საქონლის ღირებულებიდან 18%-ს დღგ-ის სახით იხდით. არაერთ ქვეყანაში პროდუქციის ფასი დღგ-ის გარეშეა წარმოდგენილი და მყიდველებმა მკაფიოდ იციან, თუ რა მოცულობის დღგ-ს იხდიან, თუმცა საქართველოში დღგ საბოლოო ფასისგან ცალკე წარმოდგენილი არაა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი 1 წლის წინ პური ღირდა 90 თეთრი, ამ დროს თავად პურის ფასი იყო 76 თეთრი, რასაც 13.7 თეთრის დღგ ემატებოდა. ანუ პურის მწარმოებელი იღებდა 76 თეთრს, 13.7 თეთრი კი ბიუჯეტში ირიცხებოდა.

2021 წელს პურის მწარმოებელი საკუთარი შესასყიდი მასალებისა თუ სხვა ხარჯების ზრდის გამო დადგა ფასის მატების წინაშე და სარეალიზაციო ფასი (დახლზე არსებული ფასი) გაზარდა 1 ლარი და 10 თეთრამდე. ამ დროს უშუალოდ მწარმოებელს შესდის 93 თეთრი, მის მიერ გადახდილი დღგ-ის მოცულობა კი 13.7 თეთრიდან 16.7 თეთრამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტს ყოველი გაყიდული პურიდან მიაქვს 17 თეთრი.

ანალოგიურია საწვავის ფასის მაგალითიც. გლობალურად, ნავთობის ფასის ზრდის გამო, ბენზინის ფასი წელს 40%-ზე მეტად გაიზარდა და ამჟამად 1 ლიტრის ღირებულება 3 ლარს და 10 თეთრს შეადგენს. აქედან 47 თეთრი უშუალოდ დამატებული ღირებულების გადასახადია. შარშან, როდესაც ბენზინის ფასი 1.86 ლარი ღირდა, დღგ-ის მოცულობაც უფრო დაბალი იყო და 28 თეთრს შეადგენდა, შესაბამისად, საწვავის გაძვირებამ თითოეულ ლიტრზე დღგ-ის ღირებულებაც 19 თეთრით გაზარდა, და ყოველი გაყიდული ლიტრი საწვავიდან (ბენზინი) 47 თეთრი ბიუჯეტში მიდის. ამ კონკრეტულ მაგალითზე ჩვენ მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის თემა გავშალეთ, საწვავიდან დამატებით ბიუჯეტისკენ მიიმართება აქციზის გადასახადიც, რომელიც 1 ლიტრზე (ბენზინი) 38 თეთრს შეადგენს.

მწარმოებლებისა და რეალიზატორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ნებისმიერი პროდუქტის ფასების ზრდის შესახებ იწვევს იმ თანხის ავტომატურ ზრდას, რასაც მოქალაქეები და ბიზნესები დამატებული ღირებულების გადასახადის სახით იხდიან.

სხვადასხვა პროდუქტის რეალიზატორის მხრიდან ფასების მატებას შეიძლება განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფასის მატების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო მომხმარებლისთვის ფასს კიდევ უფრო მეტად ზრდის, რადგანაც ის დასაბეგრი დღგ-ის გაზრდასაც იწვევს.

გაზრდილი დღგ კი ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართება და მთავრობის ხარჯებს ხმარდება, შესაბამისად, მის ზრდას ერთადერთი ბენეფიციარი ჰყავს – ეს თავად მთავრობაა. რაზე და როგორ ხარჯავს ანუ განკარგავს მთავრობა ამ თანხებს, ეს ცალკე მსჯელობის თემაა, თუმცა მარტივი ჭეშმარიტებაა შემდეგი, რომ იმ პირობებში, როდესაც საწვავის თუ ძირითადი სასურსათო პროდუქტების გაძვირების გამო მწარმოებლებისა და რეალიზატორების მისამართით მოქალაქეთა მხრიდან პირდაპირი კრიტიკა ისმის, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ფასების მატებაში წვლილი, და არცთუ უმნიშვნელო, საგადასახადო პოლიტიკას აქვს და ის საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქციას კიდევ უფრო მეტად აძვირებს.

ცხადია, საქართველოში არსებული მაღალი ინფლაციის ერთადერთი ან გნებავთ, პირდაპირი მიზეზი არაა დღგ, რადგანაც ინფლაციას სხვა მნიშვნელოვანი მდგენელებიც აქვს, როგორიცაა კურსი, საბაზრო მოთხოვნა, კრედიტის ღირებულება, ბიუჯეტის დეფიციტი და სხვა. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, როდესაც პროდუქციის მწარმოებლები და რეალიზატორები თავიანთი ფასების ზრდის შესახებ იღებენ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად აისახება დღგ-ზეც და მის მატებას იწვევს.

დღგ წლებია, საქართველოს ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადია. წელს მისი საპროგნოზო გეგმა 4.74 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც იანვარ-ნოემბერში უკვე 4.42 მილიარდის მობილიზაცია მოხდა.

ასე რომ, ამ სვეტის მიზანია, მოვემზადოთ შემდეგი თემისთვის და გავცეთ პასუხი კითხვას: რამდენად აწყობს საქართველოს მთავრობას გაზრდილი ინფლაცია და ხომ არ არის ესეც მართული პოლიტიკის შედეგი შედარებით დასტაბილურებული ეროვნული ვალუტის კურსის ფონზე?

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.