2022 წელი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა: დაწყებული ახალი კანონმდებლობებით, დასრულებული ტექნოლოგიური განვითარებით, რაც სამომავლოდ განახლებადი ენერგიის წარმოებას რადიკალურად შეცვლის. 2022 წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში ყველაზე მნიშვნელოვან „მწვანე“ მოვლენებს შეგახსენებთ.
EU-მ ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე შეთანხმებას მიაღწია
ევროკავშირმა ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. მსოფლიოში ნახშირბადის სასაზღვრო ტარიფის პირველი სქემა გადასახადს რკინის, ფოლადის, ცემენტის, სასუქების, ალუმინისა და ელექტროენერგიის იმპორტზე დააწესებს. ევროკავშირში აღნიშნული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, კომპანიებს CO2 გამონაბოლქვის ასანაზღაურებლად სერტიფიკატების ყიდვა მოუწევთ. სქემის მიხედვით, CO2-ის ემისიებისთვის გადასახადი ევროკავშირის შიდა ინდუსტრიებისა და საზღვარგარეთის ფირმებისთვის მსგავსი იქნება. ცნობისთვის, ევროკავშირის ინდუსტრიებს მათ მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვისთვის EU-ს ნახშირბადის ბაზრიდან ნებართვების შეძენა უკვე უწევთ. გადასახადი ევროკავშირის ინდუსტრიებს კონკურენციისგან დაიცავს, რომელსაც სუსტი გარემოსდაცვითი წესების მქონე ქვეყნების მიერ წარმოებული იაფი საქონელი ქმნის.
ბაიდენმა კლიმატის ცვლილებისა და ინფლაციის შემცირების რეკორდული $437-მილიარდიანი აქტი დაამტკიცა
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინფლაციის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მიმართულ $437-მილიარდიან აქტს, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ამ მიმართულებით დამტკიცებული ყველაზე ძვირად ღირებული კანონპროექტია. „ინფლაციის შემცირების აქტის“ თანახმად განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის ქვეყანა $369 მილიარდს გამოყოფს. „ინფლაციის შემცირების აქტი“ აფართოებს საგადასახადო შეღავათებს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია განახლებადი ენერგიისთვის. ამ აქტით ახალი სტიმულებიც შეიქმნება ინვესტიციებისთვის სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებსა და ენერგიის გამომუშავებაში.
ევროპარლამენტმა ბუნებრივი აირისა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის წესებს, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებსა და ბუნებრივ აირში ინვესტიციებს კლიმატმეგობრულად აღიარებს. ახალი კანონი 2023 წლიდან ევროკავშირის „ტაქსონომიის“ წესებში ბუნებრივ აირსა და ატომურ ელექტროსადგურებს დაამატებს. შედეგად, ინვესტორებს მათში, უკვე როგორც „მწვანე“ პროექტებში, თანხის დაბანდება შეეძლებათ. ცნობისთვის, ბირთვული ენერგია თავისუფალია CO2 ემისიისგან, მაგრამ რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნის. მხარდამჭერები, მათ შორის საფრანგეთი, ბირთვულ ენერგიას ემისიების შემცირების მიზნის მიღწევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ.
პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს
პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს, რის შემდეგაც გემებს ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. საზღვაო გადაზიდვების სექტორი ამ დრომდე თავს არიდებდა ნახშირბადის ბაზარს, თუმცა ეს ყველაფერი 2024 წლიდან შეიცვლება, როდესაც საზღვაო გადამზიდავ კომპანიებსაც მოუწევთ ევროკავშირის ნებართვების შეძენა მათი ემისიების 40%-ის დასაფარად, რომლებიც 2025 წელს – 70%-მდე, ხოლო 2026 წელს 100%-მდე გაიზრდება. შეთანხმება, ევროკავშირის მასშტაბით, საზღვაო მოგზაურობიდან გამოყოფილ ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის დიოქსიდის ემისიას შეეხება. შეთანხმება ევროკავშირის ტერიტორიაზე დაწყებული და დასრულებული საერთაშორისო მოგზაურობების 50%-საც მოიცავს, რაც ქვეყნების საზღვრებს შორის დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირი 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანებზე აკრძალვას აწესებს
ევროკავშირი 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მომლაპარაკებლები ავტომწარმოებლების მიერ, 2035 წლისთვის, CO2-ის 100%-ით შემცირების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. გარიგება 2030 წლისთვის გაყიდული ახალი მანქანებისთვის, 2021 წლის დონესთან შედარებით, CO2-ის ემისიების 55%-ით შემცირებასაც ითვალისწინებს, რაც თავდაპირველ 37.5%-იან მიზანზე გაცილებით მაღალია. მცირე ზომის ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წელიწადში 10,00 ავტომობილზე ნაკლებს აწარმოებენ, ნულოვანი გამონაბოლქვის სამიზნედ 2036 წელი განისაზღვრა.
გაეროს ქვეყნებმა პლასტიკური ნარჩენების შესახებ პირველი გლობალური ხელშეკრულება შეიმუშავეს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 175 ქვეყნის წარმომადგენლები ერთხმად შეთანხმდნენ მსოფლიოში პირველი გლობალური ხელშეკრულების შემუშავებაზე, რომელიც პლასტმასის ნარჩენების შეზღუდვას შეუწყობს ხელს. იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმება ეხება „პლასტმასის სრულ სასიცოცხლო ციკლს“, მისი წარმოებიდან – გამოყენებამდე. ხელშეკრულება პლასტმასით დაბინძურების შეზღუდვასთან ერთად, სათბური გაზების გამოყოფასაც შეამცირებს. ცნობისთვის, ყოველწლიურად 12 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასის ნარჩენი მიედინება მსოფლიო ოკეანეებში, რაც 2040 წლისთვის შესაძლოა, გასამმაგდეს. გარდა ამისა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის 2021 წლის შეფასებით, მსოფლიოში პლასტმასის 10 პროცენტზე ნაკლები გადამუშავდა.
დანია გაეროს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის გადახდის პირობა დადო
დანია განვითარებად ქვეყნებს მიყენებული კლიმატური ზარალის კომპენსაციას დაჰპირდა და 100 მილიონი დანიური კრონის ($13.4 მილიონი) გამოყოფის პირობა დადო. შესაბამისად, დანია გაეროს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი რეგიონების მოსახლეობას „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 35 მილიონი დანიური კრონი (€4.7 მილიონი) ფრანკფურტში, გერმანიაში დაფუძნებულ ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც უშუალოდ ღარიბ ქვეყნებს ეხმარება. გარდა ამისა, დამატებით 32.5 მილიონი დანიური კრონი (€4.4 მილიონი) სამინისტროს „სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიულ პარტნიორობას“ გადაეცემა, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული ზარალისა და ზიანის საკითხებზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჯელის რეგიონს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის საჰარას უდაბნოს მოიცავს.
გაერომ არქტიკის რეკორდული ტემპერატურა ოფიციალურად დაადასტურა
გაერომ გასულ წელს ციმბირში დაფიქსირებული 38 გრადუსი, არქტიკის ახალ რეკორდულ ტემპერატურად ოფიციალურად დაასახელა. რუსეთის ქალაქ ვერხოიანსკში, 2020 წლის 20 ივნისის რეკორდულად მაღალი სიცხე, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მაღალი ტემპერატურაა, რაც ოდესმე არქტიკული წრის ზემოთ დაფიქსირებულა. გაეროს სააგენტოს განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც WMO-მ რეკორდული სიცხე ექსტრემალური ამინდის ანგარიშების არქივში დაამატა და თან ეს ყველაფერი გლობალურად ტემპერატურის რეკორდული პიკების უპრეცედენტო ტალღის ფონზე მოხდა. 20 ივნისს დაფიქსირებული ტემპერატურა, რომელიც სააგენტოს აღნიშვნით ხმელთაშუა ზღვას უფრო შეეფერება, ვიდრე არქტიკას, მეტროსადგურზე, განსაკუთრებით გახანგრძლივებული ციმბირის სიცხის დროს გაიზომა.
ევროკავშირში მიმდინარე წელს მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ანალიტიკური ცენტრების, E3G-ისა და Ember-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ ევროკავშირის სრული ელექტროენერგიის რეკორდული 24% შეადგინა. მარტის შემდგომ ევროკავშირის 19-მა წევრმა ქვეყანამ ქარისა და მზის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებაში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. მათ შორის, წლიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (+48.5% 2021 წელთან შედარებით) პოლონეთში, ხოლო აბსოლუტური გამომუშავების ყველაზე დიდი ზრდა (7.4 ტერავატსაათი) ესპანეთში დაფიქსირდა.
შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის ენერგიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ინახავს
შვედეთის „ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მზის ენერგიას თხევადი სახით თვრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს. შანხაის „ძიაო ტონგის უნივერსიტეტთან“ (SJTU) თანამშრომლობით, მოწყობილობა, თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით, უკვე შემოწმდა და დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნისამებრ გამომუშავება შეუძლია. სისტემა წყალბადის, ნახშირბადისა და აზოტის სპეციალურად შემუშავებული მოლეკულების გამოყენებით შეიქმნა. მოლეკულებზე მზის სხივების დაცემით, ატომები მოლეკულებს ენერგიით მდიდარ იზომერებად აქცევს, რომლებიც თხევადი სახით თვრამეტ წელს ინახება.
ახალი ტექნოლოგიით, მზის ენერგიის გამომუშავება ღამითაც შესაძლებელი გახდება
University of New South Wales-ის (UNSW) მეცნიერებმა ღამით დედამიწიდან წამოსული ენერგიის „დაჭერის“ ახალ გზას მიაგნეს. ნახევარგამტარის სახეობის „თერმორადიაციული დიოდის“ გამოყენებით დაჭერილი დედამიწიდან გასული გამოსხივება ელექტროენერგიად გარდაიქმნება. როგორც ნორმალური, ასევე ღამის მზის სხივები ცხელიდან ცივ ადგილებში მიმართული ენერგიის ნაკადზეა დამოკიდებული. ნორმალური მზის ენერგიით, მზე ცხელ წყაროს, ხოლო შედარებით გრილი მზის პანელი დედამიწის ზედაპირზე ცივ შთანთქმას უზრუნველყოფს, რაც ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა. „ღამის მზის“ ენერგია კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. UNSW-ის მკვლევრების მიერ წარმოებული ენერგიის რაოდენობა საკმაოდ მცირე, მზის ენერგიაზე მომუშავე ჩვეულებრივი უჯრედის დაახლოებით 0.001%-ის ეკვივალენტურია. თუმცა სწორი ინვესტირებით, ტექნოლოგიას მზის ენერგიის ელემენტის მიერ წარმოებული ენერგიის დაახლოებით 10%-ის წარმოება შეეძლება.
EBRD საქართველოში, პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ შეთავაზებული $80 მილიონის „მწვანე“ უზრუნველყოფილი ობლიგაციები, ქვეყანაში ყველაზე დიდი კორპორაციული ტრანზაქციაა. ხუთწლიანი ვადის მქონე, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ნომინალური პროცენტული შემოსავალი 7%-ია. ობლიგაციების გამოცემის მხარდამჭერთა შორისაა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).