დედამიწის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მდგრადი განვითარება აღარ არის მხოლოდ გლობალური დღის წესრიგის ნაწილი - ის უკვე ბიზნესის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ კონტექსტში, საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტი და კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანი კომპანია საქართველოში – აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია, ერთობლივ მწვანე ინიციატივებს აჯამებენ.
პარტნიორობა უკეთესი გარემოსთვის
გალტ & თაგარტისა და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას თანამშრომლობა უკვე არაერთი წელია, კაპიტალის ბაზარზე განხორციელებულ ტრანზაქციებს სცდება. ეს მრავალმხრივი პარტნიორობაა, რომლის ფარგლებშიც ESG სტანდარტები კომპანიის საინვესტიციო და საოპერაციო სტრატეგიაში ინტეგრირდა.
„აი ჯი დეველოფმენტთან თანამშრომლობა გრძელვადიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც ისეთ მოდელებს ვქმნით, რომლებიც არამხოლოდ კონკრეტულ ბიზნესს, არამედ მთლიანად ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს განვითარების ახალ გზებს უხსნის,“ — აღნიშნავს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
EDGE Advanced — ახალი სტანდარტი უძრავი ქონების სექტორში
პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გასულ წელს გახდა პირველი კომპანია საქართველოში, როგორც კორპორაციულ, ასევე უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა.
EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) — მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც შენობების ენერგოეფექტურობას, წყლისა და მასალების გამოყენების ეფექტიანობას აფასებს.
EDGE Advanced დონე კი ნიშნავს, რომ:
- შენობებში ენერგიის მოხმარება 40%-ზე მეტით არის შემცირებული;
- რესურსების გამოყენება მნიშვნელოვნად ოპტიმიზებულია;
- პროექტები პასუხობს საერთაშორისო მწვანე მშენებლობის სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატი მიენიჭა:„სითი მოლი საბურთალოს“. „სითი მოლი გლდანს“ და ბიზნეს კომპლექსს „სითი თაუერს“.
„ეს სერტიფიკატი ასახავს იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენი კომპანია ეფუძნება — გარემოზე ზრუნვას და მდგრად განვითარებას,“ — ამბობს ლევან მესხელი, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
მწვანე ობლიგაციები — ESG სტრატეგიის ფინანსური გაგრძელება
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, ვინც საქართველოში ESG ინსტრუმენტების განვითარება და დანერგვა დაიწყო. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობაა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი მწვანე ობლიგაციების პროგრამის პრეცედენტი შეიქმნა.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 82 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამა განახორციელა.
პროგრამის ჭრილში:
- გამოშვებულია $25 მილიონიანი და €15 მილიონიანი საჯარო ობლიგაციები;
- ტრანზაქციაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ინვესტორმა;
- დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრიდან.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ობლიგაციები მდგრადი და ენერგოეფექტურ პროექტების განვითარებას ემსახურება.
„EDGE Advanced სერტიფიკატი, ისევე, როგორც მწვანე ობლიგაციების გამოშვება ჩვენი გარემოსდაცვითი ხედვების განუყოფელი ნაწილია“ — აღნიშნავს ლევან მესხელი და ხაზს უსვამს, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს მდგრადი პროექტების განვითარებას.
გალტ & თაგარტი კი განაგრძობს მწვანე დაფინანსების მიმართულებით აქტიურ მუშაობას და შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.
S








