სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე ენერგეტიკაში მწვანე წყალბადის როლზე საუბრობს:
„საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის რესურსების რაციონალურად და ოპტიმალურად ათვისება-გამოყენება. ვინაიდან ქვეყანა არ არის მდიდარი ნახშირწყალბადოვანი რესურსებით და ძირითადად დამოკიდებულია ცვლად განახლებად რესურსებზე (ჰიდრო, ქარი, მზე და ა.შ.), მწვანე წყალბადი წარმოადგენს მათი ოპტიმალურად ათვისების ეფექტიან ტექნოლოგიას, ცვლადი რესურსების გამოყენების მოქნილი ფორმების გათვალისწინებით.
წყალბადის პოლიტიკა უნდა იყოს სინერგიაში ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. მწვანე წყალბადს შეუძლია უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შემდეგ გამოწვევებთან გამკლავება:
- ენერგორესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სეზონური დეფიციტის აღმოფხვრა და ჭარბი რესურსის დაღვრის თავიდან აცილება;
- ენერგორესურსების დივერსიფიკაცია და ტრანსპორტირების (მათ შორის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის) პირობების გაუმჯობესება;
- თბოსადგურების სიმძლავრის ეფექტიანად გამოყენება ბაზისურ თუ დაბალანსების რეჟიმებში.
- იმპორტირებული გაზისა და გაზის სატრანსპორტო სისტემის მაღალეფექტური გამოყენება.
მნიშვნელოვანია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკული სისტემის დეკარბონიზაცია კლიმატისა და ენერგეტიკული ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკური სარგებლის მიღება ვაჭრობიდან და მწვანე წყალბადის ტრანზიტიდან, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ტექნოლოგიური და მეცნიერული წინსვლა – ცოდნის დაგროვება, გარემოსდაცვითი და სხვა გარე ფაქტორები.
ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის უპირატესი ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიით წყლის ელექტროლიზის ან ბიოგაზის რეფორმირების ან ბიომასის ბიოქიმიური გარდაქმნის გზით მიღებულ წყალბადს. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა ხაზგასმულია განახლებადი ენერგიის მოქმედ ევროდირექტივაში (EU) 2018/2001 (RED II), რომლის ტრანსპოზიციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს კანონში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ და შემდგომ აღმავალ განვითარებას პოვებს აღნიშნულ დირექტივაში 2021 წელს ინიციირებულ ცვლილებებში (RED III).
წყალბადის ეკონომიკა საქართველოში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს, კერძოდ 2020 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) ხელი მოაწერა ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მწვანე წყალბადზე საინვესტიციო მოთხოვნების განსაზღვრისა და ტრანსპორტირების პირობების დადგენის მიზნით. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვეყანაში მწვანე წყალბადის განვითარების მიზნით, რასაც 2023 წელს მოყვა პირველი საპილოტე პროექტის განხორციელების განცხადება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტში საქალაქო ტრანსპორტში მწვანე წყალბადის გამოყენების თაობაზე (წარმოება-მოხმარების სრული ტექნოლოგიური ჯაჭვის დანერგვის პირობებში).
2022 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით დაიწყო „ენერგიის დამგროვებლებისა და მწვანე წყალბადის განვითარების“ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებული ინსტიტუციების ცოდნისა და შესაძლებლობების ამაღლებას და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ქვეყანაში ჩამოყალიბდა „წყალბადის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის კომიტეტი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მასში ჩართულია, როგორც შესაბამისი უწყებები, ასევე კერძო სექტორი და აკადემიური წრეები. ამჟამად მომენტისათვის მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს მწვანე წყალბადის სტრატეგიის კონცეფციაზე“.