ვირტუოზმა გიტარისტმა, კომპოზიტორმა, მომღერალმა, არანჟირებების ავტორმა, მუსიკოსმა თემურ ყვითელაშვილმა მე-10 საიუბილეო სოლო-ალბომი გამოუშვა. მასში 16 კომპოზიცია შევიდა. ალბომი მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნის კონცერტის აუდიო- და ვიდეოჩანაწერია – კონცერტის, რომელიც მუსიკოსმა ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრისა და ბენდის თანხლებით ჩაატარა, რომელსაც მისი ვაჟი, თემურ ყვითელაშვილი უმცროსი დირიჟორობდა.
„შემეძლო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ვყოფილიყავი, მაგრამ ფულის გამო პრინციპებზე უარი არ ვთქვი, – მეუბნება თემურ ყვითელაშვილი და იქვე ხსნის, რას გულისხმობს ამაში: „მე არ დავუშვი კომპრომისი, ვინმე კონტრაქტის ენით დამლაპარაკებოდა და არ მოეცა საშუალება, ის დამეკრა, ის ჩამეცვა, ისე მემოქმედა, როგორც მე მსურდა”.
უკომპრომისოდ და პრინციპულად ცხოვრებამ და მუშაობამ ვირტუოზ გიტარისტს შეიძლება დიდი ქონება ვერ შესძინა, მაგრამ მსოფლიო აღიარება, ყველა კონტინენტზე ჩატარებული კონცერტი და არაერთი ჯილდო მოუტანა. თემურ ყვითელაშვილმა, რომელიც ინსტრუმენტს ფორმალური მუსიკალური განათლების გარეშე დაეუფლა, ელექტრონული გიტარისთვის კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება 15 წლის ასაკიდან დაიწყო. მალევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში წამყვანი გიტარისტი და საუკეთესო ინსტრუმენტალისტი გახდა. მან საქართველოში პირველმა შექმნა ტრანსკრიფციები და დაამუშავა ელექტროგიტარისთვის ქართული კლასიკური და თანამედროვე, აგრეთვე მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მუსიკოსმა სოლო-კონცერტები გამართა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის, „კარნეგი ჰოლსა” და „ბერდლენდში”. თემურ ყვითელაშვილი პირველი ინსტრუმენტალისტია საქართველოში, რომელმაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო-კონცერტი ჩაატარა. არის ღირსების ორდენის კავალერი და თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე. თემურ ყვითელაშვილი გინესის რეკორდსმენიცაა – 2004 წელს მან 30 საათის განმავლობაში შეუჩერებლად დაუკრა გიტარაზე.
ვირტუოზმა გიტარისტმა პრინციპებსა და მუსიკაზე უარი არც 90-იან წლებში თქვა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სიდუხჭირე და რთული ეკონომიკური და სოციალური გარემო მასაც შეეხო, პროფესიის შეცვლა ან ქვეყნის დატოვება არც უფიქრია.
„მაინც ვუკრავდი, მქონდა რეპეტიციები, ვწერდი მუსიკას, ერთგულად ვიყავი დაკავებული იმით, რაც ჩემი მოწოდება იყო”, – გვეუბნება თემურ ყვითელაშვილი. ამიტომაც მის სახელობით ვარსკვლავს, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ფილარმონიის წინ გაიხსნა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მუსიკოსმა საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ აუდიტორიას უთხრა, რომ მისთვის მთავარი მსმენელის სიყვარულია, რომელიც არასდროს აკლდა, ამავე დროს, ვარსკვლავი მის მიერ განვლილი გზის პატივისცემაა.
„კვირაში 3-4-ჯერ მივდივარ ჩემს ვარსკვლავთან და ვუყურებ, ვეფერები, ვფიქრობ, როგორ მოვედი აქამდე, როგორ მივიღე აღიარება – რთული ცხოვრების გავლით”, – ამბობს მუსიკოსი. – ვიცი მისი ფასი, შრომა, რომელიც დგას ამ ვარსკვლავის უკან”.
ვარსკვლავის გახსნას წინ კონცერტი უძღოდა, სადაც თემურ ყვითელაშვილმა 11 ახალი და საავტორო, ხოლო 5 – მსმენელისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიცია შეასრულა. ერთ-ერთი ასეთი კომპოზიცია ფრენკ სინატრას My Way-ა [ჩემი გზა], რომლის საგიტარო ვერსიის შესრულებასაც ფონად თემურ ყვითელაშვილის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები ერთვოდა. „ამ დროს ცოტა თვალებიც ამიცრემლიანდა, როგორ ჩაიარა ჩემმა უკომპრომისო ცხოვრებამ, ამდენი უსამართლობის ფონზე“, – ამბობს მუსიკოსი.
თემურ ყვითელაშვილის გიტარას აკომპანირებას სიმფონიური ორკესტრი და ბენდი უწევდა, დირიჟორობა კი მისმა შვილმა, 24 წლის თემურ ყვითელაშვილი უმცროსმა ჩაიბარა, რომელიც თელ-ავივიდან თბილისში სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა. ისრაელის დედაქალაქში თემურ ყვითელაშვილი უმცროსი თბილისის კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობის შესასწავლად წავიდა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მისი დებიუტი იერუსალიმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შედგა. ხოლო მამის სოლო-კონცერტზე უმცროსი ყვითელაშვილის ამოცანა სწორედ მისი ხედვის განხორციელება და მისი მუსიკალური მიგნებების შესაბამისად აჟღერება იყო.
„მე არ ვნერვიულობდი, ის ნერვიულობდა ჩემთან ერთად მუშაობის გამო”, – ღიმილით ამბობს თემურ ყვითელაშვილი. – დირიჟორობა ადვილი საქმე არ არის, მით უფრო, ჩემთან, იმიტომ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ. მიყვარს დისციპლინა, თადარიგი, მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა”.
თითქმის ორი წლის შემდეგ თემურ ყვითელაშვილმა სწორედ ამ კონცერტის ჩანაწერი გამოსცა ალბომად, რომელსაც ის ყველა წინამორბედისგან გამორჩეულად მიიჩნევს და მელომანებს ახალ კომპოზიციებთან ერთად ახლებურ ხედვას სთავაზობს. „არტისტი წინ უნდა მიდიოდეს. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც მიღწეულით არ კმაყოფილდება”, – ამბობს მუსიკოსი.
კონცერტის ალბომის გამოცემას დრო დასჭირდა – მიზეზი თემურ ყვითელაშვილის აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებასთან, გასტროლებსა და კონცერტებთან ერთად ტექნიკურია – ცოცხალი კონცერტის ხარისხიან ჩანაწერად ქცევა ხმის ბალანსის დამუშავებას მოითხოვს, რაც რთულად შესასრულებელი სამუშაოა.
თემურ ყვითელაშვილის მე-10 საიუბილეო სოლო-ალბომი 1000-იანი ტირაჟით გამოიცა და მოიცავს კონცერტის როგორც აუდიო (CD), ისე ვიდეო (DVD) ვერსიებს. ალბომი ხელმისაწვდომია მუსიკალურ მაღაზიებში, ასევე – ონლაინ, თემურ ყვითელაშვილის ვებგვერდზე, სადაც მალე მისი სხვა ალბომებიც აიტვირთება და მსმენელს, სურვილის შემთხვევაში, ავტოგრაფიანი ეგზემპლარების შეძენაც შეეძლება.
გარდა ამისა, ვირტუოზ გიტარისტს დაწყებული აქვს მუშაობა ახალ სოლო-ალბომზე და გეგმავს, საავტორო კომპოზიციები ჩაწეროს, ხოლო 2024 წლის მიწურულს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კიდევ ერთი სოლო-კონცერტი ჩაატაროს.
„ადამიანი თვითონ არის თავისი ცხოვრების მმართველიც, შემოქმედიც და მასზე პასუხისმგებელიც”, – ამბობს თემურ ყვითელაშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი აუხდა, რაზეც უოცნებია. ხოლო ვინაიდან მისი წარსული მიღწევების ჩამონათვალი გრძელია, ხშირად ეკითხებიან, კიდევ რა უნდა გააკეთოს მომავალში. „მეკითხებიან, რაღა დაგრჩათო?” მათთვის მუსიკოსს მარტივი პასუხი აქვს – მთავარია, „მუდამ ეკვრევინებოდეს”. ამის მოტივაციას და განწყობას მას, პირველ რიგში, მუსიკის სიყვარული აძლევს, ამიტომაც ყველა კონცერტზე ერთნაირად იხარჯება და პასუხადაც იმავეს იღებს.
„ახალციხეში, რაბათზე გავხსენი ღონისძიება საქართველოს ჰიმნით, შემდეგ დავუკარი 30-წუთიანი პროგრამა. მალევე ჩემი დაბადების დღე იყო, არ გაჩერებულა ჩემი ტელეფონი. დიდი ბედნიერებაა, ამდენ ადამიანს რომ ახსოვხარ”, – გვეუბნება მუსიკოსი და ხაზს უსვამს, რომ არასდროს იშურებს მადლიერების გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მას სხვადასხვა დროს ხელი გაუწოდეს – „ყოველთვის ვამბობ სიტყვას „დამეხმარა” და ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, ზოგჯერ სიტყვაც უდიდესი დახმარებაა”.