ძველ თბილისში, ორთაჭალაში, ინოვაციური, თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალბინიანი კომპლექსი შენდება. SOLAR ENERGY APARTMENTS SEA – უნიკალური, ავტონომიური, მზის ენერგიის მოხმარებაზე გათვლილი შენობაა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ერთადერთია თავისი ტექნოლოგიური მახასიათებლებით. SEA-ს პროექტს ლევან ოქროპირიძე — მასშტაბური პროექტების მენეჯერი ხელმძღვანელობს.
დაამჩნიე დედამიწას უმცირესი ნაფეხური – თანამედროვე განვითარებული სამყაროს ამ დევიზის თბილისში განხორციელება ლევან ოქროპირიძემ ითავა. ჰუმანიტარულ განათლებას ლევანმა მასშტაბური კრიზისული პროექტების მენეჯერის დიპლომირებული ცოდნა დააშენა და მწვანე, ეკომეგობრული დეველოპმენტის სფეროში ძალების მოსინჯვა დაახლოებით ათი წლის წინ გადაწყვიტა. შვიდი წელი მრავალბინიანი უძრავი ქონების მშენებლობის ბაზარს იკვლევდა. ამ კვლევამ მიიყვანა მყარ გადაწყვეტილებამდე, თბილისში აეშენებინა მწვანე, განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გათვლილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საცხოვრებელი სივრცე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით, ავტონომიურობითა და მედეგობით.
„საქართველოში მსგავსი პროექტის არარსებობა დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითსაც შეიცავდა – მხოლოდ ფასადის დიზაინზე მუშაობა წელიწად- -ნახევარს გაგრძელდა, – მზის ენერგიის ათვისებაზე მორგებულ მსგავს დიზაინზე მანამდე საქართველოში არავის ემუშავა, ამბობს პროექტის ახალგაზრდა ხელმძღვანელი, 38 წლის ლევან ოქროპირიძე. – არ გვინდოდა სტანდარტული მშენებლობა, მაგრამ არცერთი მიმართულება, რომლის გამოყენებაც გვინდოდა, არ იყო და არც ახლაა ბაზარზე“, ამის მიუხედავად „სამი ადამიანი ვიყავით, ვინც ვამტკიცებდით, რომ პოლონეთში, ფინეთში, იაპონიაში, დუბაიში თუ შეძლეს, აქაც გამოვა“.
ამ შთაგონებით ლევანმა და თანამოაზრეთა მცირე გუნდმა ხედვის მართებულობაში ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დარწმუნება დაიწყეს. „თავიდან სკეპტიკურად გვიყურებდნენ – ბანკებით დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული ყველა ამბობდა, გამორიცხულია, საქართველოში ასეთი რამე გამოვიდესო“.
მაშინ გადაწყვიტეს დეველოპერულ კომპანიებში ქონების შეძენა და ბინების შესწავლა. „სამ-ოთხ კომპანიაში შევისწავლეთ, რა პროდუქტია, რა მასალაა, სად კეთდება ეკონომია, როგორ შეიძლება ათჯერ უკეთესის გაკეთება, შვიდი წელი შესწავლის და ტესტირების რეჟიმში ვიყავით“, – ამბობს ლევან ოქროპირიძე, რომელიც ამ ძიების პროცესში მიხვდა, რომ ქართულ ბაზარზე მშენებლობაში ტექნოლოგიები ძნელად იკიდებს ფეხს. „შეიძლება, ბაზარზე ოცი წელი არსებობდეს რაღაც ტექნოლოგია, მოწყობილობა და მას არ იყენებდნენ. დეველოპერებს კარგად ნაცადი, გათელილი გზები ურჩევნიათ სარისკო პროექტებს“, – დაასკვნა ლევან ოქროპირიძემ.
ასე დაიბადა Solar Energy Apartments SEA – მოგვიანებით უკვე გაეროს საერთო ეკონომიკურ ქსელში გაწევრიანებული პროექტი, ევროკავშირის Greenbuild EXPO-ზე წარდგენილი და მწვანე მეწარმეობის კატალოგში შეტანილი მშენებლობა BREEAM-ის საერთაშორისო სერტიფიკატით.
BREEAM-ი მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებაზე დაფუძნებული ვალიდაციისა და სერტიფიცირების კომპანიაა, რომელიც სერტიფიკატებით მდგრადი მომავლის უზრუნველმყოფ მეწარმეობას უწყობს ხელს. მსოფლიო მასშტაბით BREEAM-ის სერტიფიცირებული მილიონობით კომპანია აწარმოებს ნულოვანი ემისიის მქონე მწვანე ტექნოლოგიებს.
2 მლნ 700 ათასი დოლარის საინვესტიციო პორტფელით Solar Energy Apartments SEA რვასართულიანი, 72-ბინიანი კომპლექსია. თუმცა ამ მარტივი დახასიათების უკან სრულიად ინოვაციური, ძვირად ღირებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიური, განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული, ენერგოეფექტიანი, თერმოსის პრინციპით შეკრული საცხოვრებელი სივრცე მოიაზრება, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არა აქვს და რომლის თითოეული კვადრატული მეტრი უსაფრთხოებისა და მედეგობის უმაღლეს სტანდარტს უპასუხებს.
უპრეცედენტო მშენებლობის სანებართვო განაცხადი ლევანმა თბილისის მერიაში კოვიდპანდემიის პერიოდში ლოკდაუნის კვირაში შეიტანა. „მგონი, მხოლოდ ჩვენი სანებართვო განაცხადი იყო იმ პერიოდისთვის. პანდემიამაც მიგვახვედრა უძრავი ქონებისა და სახლის მნიშვნელობას და ეს ყველაფერი ჩვენთვის სიგნალები იყო“, – ამბობს ლევან ოქროპირიძე.
მიწა, რომელზეც Solar Energy Apartments SEA პროექტი შენდება, უკვე 25 წელია, ლევანის ოჯახის, კერძოდ დედის, ქალბატონი თამარის საკუთრებაა. მანამდე ამ მისამართზე პურის ქარხანა იყო, „ერთადერთი საბჭოთა პურის ქარხანა, რომელიც 1985 წელს პულტზე მუშაობდა“. ტექნოლოგიური და თავისი ეპოქისთვის ინოვაციური მიგნებები – ეს იყო პროექტის შთაგონება, პლუს თბილისის ისტორიული ნაწილი, ორთაჭალა ოთხსეზონიანი ტურისტული პოტენციალით იდეალურ ეკოსისტემას ქმნიდა პროექტის საძირკვლის ჩასაყრელად. იდეალური ლოკაცია სასტუმროს ტიპის კონცეფციისთვის – თავისუფლების მოედნიდან, კრწანისის ქუჩამდე ყველაზე განიერი ქუჩა სტუმრების კომფორტული სატრანსპორტო მომსახურების საშუალებას იძლევა.
როგორ გაჩნდა დეველოპერულ ბაზარზე ამგვარი განაცხადით შესვლის იდეა – ლევანს ამ კითხვაზე ლაკონიური პასუხი აქვს: „რაღაც რომ გაკლია, იმის შევსებას ცდილობ. როცა მივხვდი, რომ მე თვითონ მინდოდა ასეთი საცხოვრებელი სივრცე, წარმოვიდგინე, რომ მხოლოდ მე არ ვიქნებოდი ასეთის მსურველი ადამიანი“. Solar Energy Apartments SEA – ძვირად ღირებული სასტუმროს ტიპის კომპლექსია, რომელიც იურიდიულად ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ბინებისგან შედგება.
მაინც რაშია SEA-ს უნიკალურობა? ეს არის მცირე ზომის დეველოპერული პროექტი, რომელზეც 26 ქვეკონტრაქტორი მუშაობს. პროექტის ხელმძღვანელმა უარი თქვა უკვე კარგად დამკვიდრებულ სამწევრიან სქემაზე – ინჟინერი, კონსტრუქტორი, არქიტექტორი და მშენებლობას ექსპერტიზის მრავალშრიანი კომპონენტი დაამატა. „შენობაზე კი არა, ფაქტობრივად თითოეულ ბინაზე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. ასევე სამშენებლო მასალების, მათ შორის არმატურისა და ბეტონის ხარისხის შესამოწმებლად ლაბორატორიის მომსახურებით ვსარგებლობთ, ოთხი იურიდიული პირი ამოწმებდა ჩვენს ხარისხს“, – ამბობს ლევანი და ამატებს, რომ შენობის სეისმომედეგობა განსაკუთრებული მნიშვნელობის კომპონენტი იყო.
პროექტის უპირატესობების ანგარიშზეა მზის ენერგიის შემკრები პანელები, რომლებიც შენობის სახურავის გარდა აივნებზეც მონტაჟდება, შენობა სრულად, ასი პროცენტით მზის ენერგიას მოიხმარს, რაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გამოყენების საჭიროებას გამორიცხავს და გარდა ეკოლოგიური მნიშვნელობისა, პრაგმატული გათვლაც ახლავს – 75%- ით მცირდება კომუნალური გადასახადები.
თუმცა სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მოსდევს ყველა დანარჩენი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელთა განუხორციელებლობის შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს. „თვითონ შენობის ფორმა, კონცეფცია იცვლება, ეს პანელი გვერდითა კორპუსზე რომ დაყენდეს, შედეგს ვერ მოგცემს. სხვა ფანჯარა, სხვა კედელი, სხვა კარია, – ამბობს ლევანი, რომელიც მარტივი მაგალითით ხსნის ამ ყველაფრის არსს. – ეს იგივე იქნება, ზამთარში ავტომობილში გათბობა ჩართოთ და შუშებჩაწეულმა იმოძრაოთ – ამაშია კომპლექსური მიდგომა საჭირო“.
შენობაში სითბო სამი მიმართულებიდან იკარგება – ფანჯრები, კედლები, კარები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით SEA-ს პროექტში გამოყენებულია გერმანელი მწარმოებლების მოწოდებული სპეციალური ტექნოლოგიისა და გამძლეობის ფანჯრის შუშები. მშენებლობა მიმდინარეობს პერლიტის ბლოკით. „მთელ ქარხანაში კორპუსისთვის პერლიტის ბლოკი მხოლოდ ჩვენ გვაქვს ნაყიდი“, – ლევანის სიტყვებით, ამ ბლოკს ძირითადად ვილებისა და რეზიდენციების მშენებლობისთვის იყენებენ. მისი მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტიანობაა. ბუნებრივი მასალისგან – ვულკანური ლავისგან დამზადებულ ამ ბლოკს ერთი მეტრის აგურის კედლის ხმისა და სითბოს იზოლაცია შეუძლია. „ეს არის ისტორიული პრობლემის გადაწყვეტა, რომ მეზობელი ბინიდან ხმა არ გამოვიდეს“, – ნახევრად ხუმრობით ამბობს ლევან ოქროპირიძე.
კედლებიც პერლიტით ილესება, ორივე მხარეს სამი სანტიმეტრის სისქეზე, რაც 15 სანტიმეტრის აგურის კედლის ეფექტს იძლევა. ამგვარ კედელს 6-საათიანი ცეცხლმედეგობა აქვს.
ლევანი იხსენებს, რომ EBRD -ის ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელშიც 50-მდე ქართველი დეველოპერი მონაწილეობდა, ექსპერტები მშენებლობის ენერგოეფექტიანობისთვის, ფასადის დათბუნებას ურჩევდნენ. „ჩვენ მთლიანად კედელი გვაქვს დათბუნებული. ასევე სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას ურჩევდნენ, ლიფტი მაინც რომ ყოფილიყო უფასო. ჩვენ სახურავზე კი არა, აივნებზეც ვაყენებთ“.
მზის პანელები გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობით შეირჩა. „აქ მსგავსი გამოცდილება არ არსებობს“, – ამბობს ლევანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიით საქართველოს ბაზარზე 20-ზე მეტი კვალიფიციური კომპანია მუშაობს. „გვითხრეს, რომ კორპუსზე დაგვიყენებდნენ, მაგრამ ვერავითარ გარანტიას ვერ გვაძლევდნენ”, – ლევან ოქროპირიძის თქმით, ბეტონის გარდა იმ ხარისხის პროდუქციის მიმწოდებელი, რომელიც მათ დეველოპერულ პროექტს ესაჭიროება, ქართულ ბაზარზე არ არის. საკანალიზაციო მილებსაც კი უცხოელი მწარმოებლებისგან იღებენ. მილებს, რომელთაც გაყვანილობაში იყენებენ, 70-წლიანი გარანტია აქვს. მზის პანელებს – 25-წლიანი. „ეს არ ნიშნავს, რომ 25 წლის შემდეგ სისტემა მწყობრიდან გამოვა. შესაძლოა, რომელიმე დეტალის შეცვლა დასჭირდეს, მაგრამ სისტემა ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.
შენობის ინტერიერი მარმარილოთი იქნება მოპირკეთებული. მარმარილოს მოზაიკა გამოიყენება ბინებშიც. იატაკზე გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის იტალიური ბრენდის Atlas concorde-ს ფილები, დერეფნებში – დაფქული მარმარილო.
დიზაინის კიდევ ერთი მახასიათებელი და ძლიერი მხარეა განათება. ოთახებში 650-მდე განათების წერტილია.
72-ბინიან შენობაში ბინების ფართი 22-დან 32 კვადრატულ მეტრამდეა, რაშიც პატარა თბილისური აივანიც შედის.
შენობა წყლის გასათბობად იყენებს გეოთერმულ ენერგიას, რაც ცალკე აღებული რთული ტექნოლოგიური სპირალური ინფრასტრუქტურაა. წყალი შესაბამისი სისტემის მეშვეობით ნიადაგში გარკვეულ სიღრმეზე ჩადის, საიდანაც უკვე მნიშვნელოვნად გამთბარი მზის პანელებით გამომუშავებული ენერგიით ცხელდება. ეს ტექნოლოგია ენერგიის ეკონომიის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმია.
შენობაში გერმანული ფირმის, Wittur-ის ლიფტი მონტაჟდება, რომელიც მოძრაობის დროს თავად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას „ამ ლიფტის ფასად შეგვეძლო, სტანდარტული რვა ლიფტი გვეყიდა“, – ამბობს ლევანი, ტექნოლოგიის ფასეულობის ხაზგასასმელად.
შენობას თავისი მეტეოსადგური აქვს და, მაგალითად, წვიმის დროს მობინადრეს ხელოვნური ინტელექტი ქოლგის წაღებას შესთავაზებს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროექტის კიდევ ერთი დამატებითი ელემენტია. გერმანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით ქართველი პარტნიორები სპეციალურად SEA-ს ჭკვიანი სახლისთვის დაწერილი კოდით უსაფრთხოებისა და სერვისის სისტემას ქმნიან.
შენობაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მისაღწევად ბინის მფლობელის იდენტიფიცირება თვალის გუგის ფიქსაციით ან მობილური აპლიკაციით ხდება. პროგრამა მობინადრეს შენობასთან მიახლოებისას ესალმება, აღებს სადარბაზოს კარს ან, საჭიროების შემთხვევაში, საპარკინგე სივრცეს. პარალელურად იძახებს ლიფტს, ბინაში რთავს გათბობისა და კონდიცირების სისტემას.
მზის ციკლზე მორგებული კორპუსის მშენებლობა 2024 წლის მარტში უნდა დასრულდეს. 25 წლის განმავლობაში პროექტის სერვისში არსებული მენეჯმენტი დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სერვისს ისინი უზრუნველყოფენ. მაგალითად, დასუფთავებას, დაცვის უზრუნველყოფას, ეზოს მოვლას, სადაც 130 ძირი პალმის ხის დარგვა იგეგმება და ა.შ.
ამჟამინდელი მონაცემებით, 72 ბინიდან მხოლოდ ხუთი ბინის მეპატრონე გეგმავს სივრცით დროდადრო სარგებლობას, მუდმივად ცხოვრებას აპირებს ორი ბინის მეპატრონე.
სასტუმროს მენეჯმენტს კი უკვე შერჩეული კომპანია განახორციელებს, რომელიც, სულ ცოტა, ხუთ ქვეყანაში ოპერირებს და სასტუმროს მართვის 8-10-წლიანი გამოცდილება აქვს. სასტუმროს მომსახურებაში შევა სრული პაკეტი, აეროპორტიდან ტრანსფერითა და შიდა ტურებით.
ბინების მფლობელებს კი კომპანია 30/70%-ზე წილობრივი მონაწილეობით, საიდანაც 70% მესაკუთრისაა, პარტნიორობას სთავაზობს საკუთრებაში არსებული ბინის გაქირავების შემთხვევაში ან ფიქსირებულ წლიურ გადასახადს.
დაკეტილი ბინის მესაკუთრეს საშუალება აქვს, მისი ბინის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ნეტო აღრიცხვაში ჩააბრუნოს და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. 25 წლის განმავლობაში ბინების მფლობელებს დენისა და გაზის, ასევე დასუფთავებისა და დაცვის მომსაურების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.
მომავალი წლის გაზაფხულიდან კი, როცა Solar Energy Apartments SEA პირველ მობინადრეებს მიიღებს, ლევან ოქროპირიძე ახალი, გაცილებით მსხვილი მწვანე განახლებადი ტექნოლოგიების კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას დაიწყებს, რომლის იდეაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩართული მხარე უნდა იყოს სახელმწიფო დასტურად იმისა, რომ ქვეყანაში ამგვარი ტექნოლოგიური პროექტებისადმი ინტერესიც არსებობს და მათი განხორციელების შესაძლებლობაც. „ჩვენი ფილოსოფია სწორედ ეს არის – ჩვენი ამოცანა არ არის ერთჯერადი მშენებლობა. საქართველოში დეველოპერს ვერ იპოვით, რომელიც ევროკავშირის კატალოგში მოხვედრას ცდილობდა, ჩვენ კი ეს გვინდოდა“, – ამბობს ლევან ოქროპირიძე, რომლის მომავლის ხედვაში ევროპის ქვეყნები ხვდება.
„ამიტომ გვაინტერესებს სერტიფიკატები, ვინაიდან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში რომ შეხვიდე, უნდა გქონდეს ხარისხის სერტიფიკატი“. 20 წელიწადში კი საკუთარ თავს ევროპის რომელიმე ქვეყანაში 1 მლნ კვადრატულ მეტრზე ენერგოეფექტიანი პროექტის მენეჯმენტში ხედავს.
S