ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.
მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა რეკორდული $51.7 ტრილიონი, მოგებამ – $4.5 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ – $238 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $88.5 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 621 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი და ჰონგ-კონგი მოჰყვება. 2023 წლის რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.
Forbes-ის Global 2000-ის 2024 წლის რეიტინგში მოხვდნენ ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიებიც, რომელთაგან პირველობა, $71-მილიარდიანი შემოსავლითა და $27-მილიარდიანი მოგებით, ტაივანურმა კომპანია TSMC-მ მოიპოვა. გლობალურ რეიტინგში TSMC-ი 45-ე პოზიციას იკავებს. ტაივანის უმსხვილესი ჩიპების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია – $672 მილიარდს, ხოლო აქტივების მოცულობა $180 მილიარდს უტოლდება.
Global 2000-ში ნახევარგამტარების უმსხვილეს მწარმოებლებს შორის ვხვდებით Broadcom-საც. გასულ წელს, VMWare-ის შესაძენად გაფორმებული $69-მილიარდიანი გარიგების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი $165-ით გაიზარდა. ამჟამად, Broadcom-ი რეიტინგში 72-ე პოზიციას იკავებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $646.6 მილიარდით განისაზღვრება. რაც შეეხება დანარჩენ მაჩვენებლებს, მოგება – $11.6 მილიარდს, შემოსავლები – $38.8 მილიარდს, ხოლო აქტივების მოცულობა $177.8 მილიარდს უტოლდება.
Broadcom-ს ამერიკული Nvidia მოჰყვება, თითქმის $61-მილიარდიანი შემოსავლითა და $30-მილიარდიანი მოგებით. გასულ კვირას, ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი $3-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის Apple-ისა და Microsoft-ის ელიტარულ ჯგუფს შეუერთდა. სულ რაღაც ორი თვის წინ კომპანიის ღირებულება მხოლოდ $2 ტრილიონი იყო, თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, Nvidia 3-ტრილიონიან ნიშნულს სულ მცირე დროში გადასცდა. კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია 2017 წლამდე, ტოპ-1000 ფირმას შორისაც ვერ ხვდებოდა, თუმცა მას შემდეგ რეიტინგში დაწინაურებას განაგრძობს. Global 2000-ში გასულ წელს Nvidia-მ 131-ე ადგილი, წელს კი 110-ე პოზიცია დაიკავა. Nvidia-ს აქტივების მოცულობა $65.7 მილიარდს უტოლდება.
Nvidia-ს გარდა მიმდინარე წლის რეიტინგში, ნახევარგამტარების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს შორის მოხვდა Advanced Micro Devices-ი (AMD), რომელიც $1.12-მილიარდიანი მოგებით, გასულ წელთან შედარებით 200 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად, 343-ე ადგილზეა წარმოდგენილი. კომპანიის აქციების ფასი 2023 წლის შემდეგ 150%-ითაა გაზრდილი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $260 მილიარდს უტოლდება.
შარშანდელი 315-ე პოზიციის შემდეგ, წელს 107-ე ადგილზე ვხდებით Intel-ს. ამერიკული ფირმა Nvidia-ს აქტივების მოცულობით ($193 მილიარდი) უსწრებს, თუმცა $55-მილიარდიანი შემოსავლითა და $4-მილიარდიანი მოგებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ თავის მაქსიმუმს, $500 მილიარდს 2000-იან წლებში მიაღწია ახლა კი $135 მილიარდამდეა დაცემული.