Napoli-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებით კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა გასამმაგდეს

Napoli-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებით კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა გასამმაგდეს

ხვიჩა კვარაცხელია თუ Napoli-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი ანაზღაურება შესაძლოა გასამმაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული Forbes-ი ავრცელებს.

მართალია, ქართველ შემტევს ისე კარგი სეზონი არ აქვს, როგორიც წინა იყო, მაგრამ ეს კლუბში შექმნილ მდგომარეობასაც უნდა დავაბრალოთ. Napoli-მ წინა სეზონის ერთ-ერთი გმირის, ლუჩიანო სპალეტის ჩანაცვლება სრულფასოვნად ვერ მოახერხა და ერთ სეზონში სამი მწვრთნელი გამოიცვალა, რამაც თამაშის ხარისხზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

„პარტენოპეი“ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, კოპა იტალიიდან, ეროვნულ ჩემპიონატში კი მეშვიდე ადგილზეა, თუმცა აქვს შანსი, ევროტურნირებზე მოხვდეს და ამაში ქართველის როლიც მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაინც მოახერხა 27 მატჩში 10 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ Napoli-ის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ვიქტორ ოსიმენი კლუბის დატოვებას ზაფხულში აპირებს, კიდევ უფრო მოსალოდნელია, აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას შენარჩუნებას უფრო აქტიურად ეცადოს.

La Gazzetta dello sport-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების შვიდიანს ზაფხულში ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. ამჟამად კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლამდე აქვს და სეზონში 1.6 მილიონ დოლარს იღებს, გახანგრძლივების შემთხვევაში კი ეს თანხა 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

არც პირობების ცვლილებებია გამორიცხული. ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტში წერია, რომ ის იტალიაში არ გაიყიდება, რათა Seria A-ის სხვა მეტოქეები არ გაძლიერდნენ. დე ლაურენტისმა ამ სვლას შეიძლება კიდევ ერთხელ მიმართოს.