NASA და SpaceX-ი კოსმოსური სადგურიდან ასტრონავტების სამედიცინო ევაკუაციას განახორციელებენ

NASA და SpaceX-ი კოსმოსური სადგურიდან ასტრონავტების სამედიცინო ევაკუაციას განახორციელებენ

NASA-სა და SpaceX-ის ერთობლივი მისია, რომელიც აგვისტოში დაიწყო, დაგეგმილზე ადრე დასრულდება. მიზეზი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც NASA-ს მისია სამედიცინო მიზეზით ნაადრევად დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი Crew-11-ის წევრები დედამიწაზე მომავალ კვირას დაბრუნდებიან. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ეკიპაჟის ერთ წევრთან დაკავშირებული სამედიცინო ინციდენტის გამო 8 იანვარს ღია კოსმოსში დაგეგმილი გასვლა გადაიდო.

როგორც ცნობილია, SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Dragon-ი ISS-ს 14 იანვარს, ოთხშაბათს, აღმოსავლეთის დროით 17:00 საათამდე უნდა გამოეყოს. ხომალდის დაბრუნების პირდაპირი ტრანსლაცია 15 იანვარს, ხუთშაბათს, 02:15 საათზე დაიწყება, ხოლო მისი კალიფორნიის სანაპიროსთან დაშვება 03:40 საათზეა მოსალოდნელი. მისიასთან დაკავშირებით ოფიციალური პრესკონფერენცია 05:35 საათზე გაიმართება.

NASA-ს მთავარი სამედიცინო ოფიცრის, ჯეი. დი. პოლკის განცხადებით, ასტრონავტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეუძლებელია. ეკიპაჟის აღნიშნული წევრის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

Crew-11-ის დედამიწაზე ნაადრევი დაბრუნების შემდეგ, ISS-ზე სამი ასტრონავტი დარჩება: ორი NASA-დან და ერთი რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსიდან“.

ცნობისთვის, Crew-11-ის ეკიპაჟში შედიან NASA-ს ასტრონავტები: ზენა კარდმანი და მაიკ ფინკი, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტრონავტი კიმია იუი და რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ კოსმონავტი ოლეგ პლატონოვი. ეკიპაჟი კოსმოსში 2025 წლის 1 აგვისტოს გაფრინდა და თავდაპირველი გეგმით, მისი დედამიწაზე დაბრუნება თებერვალში იყო დაგეგმილი.

NASA-ს ინფორმაციით, Crew-11-ის მისიის მთავარი მიზანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ტექნოლოგიური დემონსტრაციები და ტექნიკური სამუშაოების შესრულება იყო.

შექმნილი ვითარების გამო, NASA განიხილავს შესაძლებლობას, Crew-12-ის ოთხკაციანი ეკიპაჟი თებერვლის ნაცვლად ISS-ზე უფრო ადრე გაუშვას, რადგან კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ოპტიმალური რაოდენობა შენარჩუნდეს.