Photo Credits to REUTERS/Joe Skipper
გასულ კვირას NASA-მ Artemis II მისიის ფარგლებში, მთვარეზე 54 წლის შემდეგ პირველი ეკიპაჟი გაუშვა. 10-დღიანი მისიის ფარგლებში ეკიპაჟის წევრები ხომალდის საშუალებით მთვარის გარშემო ექსპედიციას შეასრულებენ.
NASA-ს კოსმოსური ხომალდი კანავერალის კონცხიდან 1 აპრილს, ადგილობრივი დროით საღამოს 18:35-ზე აფრინდა. ხომალდის ეკიპაჟი ოთხი წევრისაგან, სამი ამერიკელისა და ერთი კანადელისაგან შედგება.
NASA-ს განმარტებით, კოსმოსური მისიის ფარგლებში ეკიპაჟის წევრები მიაღწევენ იმ წერტილამდე, სადაც კოსმოსში აქამდე არავინ ყოფილა.
საინტერესოა, რომ მთვარეზე ეკიპაჟის დასმის ამბიციური მისია აქვს ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოსაც, რომელიც საკუთარ პირველ მისიას 10 წლის შემდეგ გეგმავს. გასათვალისწინებელია, რომ NASA-ს მისიის ფარგლებში ეკიპაჟის წევრების მთვარის ზედაპირზე დასმა არაა დაგეგმილი, ჩინეთს კი სწორედ აღნიშნულის განხორციელება სურს.
ცნობისათვის, აქამდე მთვარეზე, მთვარის ორბიტაზე ან მის მიმდებარე არეალში წარმატებული ან ნახევრადწარმატებული მისია აქამდე სულ ექვს სახელმწიფოს (ან პოლიტიკურ გაერთიანებას) განუხორციელებია.
მოგეხსენებათ, 1950-იან, 60-იან და 70-იან წლებში კოსმოსის ათვისებისათვის გამალებული რბოლა მიმდინარეობდა, რომლის ეპიცენტრშიც შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იყო. მას შემდეგ „კოსმოსური ომები“ მიმდინარე ათწლეულის დასაწყისამდე თითქმის სრულად შეჩერებუილ იყო. დედამიწაზე ბუნებრივი რესურსების შემცირებისა და კერძო სექტორის გააქტიურების შემდეგ კი კოსმოსის პოტენციალის ათვისება კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფერო გახდა.
Statista-ს მონაცემებით, აშშ-ის მიერ მთვარის ორბიტაზე ეკიპაჟის წევრების გაგზავნა 45-ე წარმატებული მცდელობა იყო. 1959-1976 წლებში საბჭოთა კავშირმა მთვარეზე სულ 22 წარმატებული ან ნახევრადწარმატებული მისია განახორციელა. თუმცა მას შემდეგ საბჭოთა კავშირს ან მის სამართალმემკვიდრე რუსეთს მთვარესთან დაკავშირებული მისია არ განუხორციელებია. ჩინეთმა საკუთარი კოსმოსური პროგრამების განვითარება 2000-იან წლებში დაიწყო და მას შემდეგ 10 მისია განახორციელა. აღნიშნულ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე 6 წარმატებული ან ნახევრადწარმატებული მცდელობით იაპონიაა. საინტერესოა, რომ იაპონიამ ბოლო უეკიპაჟო ხომალდი მთვარეზე 2023 წელს წარმატებით დასვა. 3 მისია აქვს განხორციელებული ინდოეთსაც, რომლის ხომალდიც მთვარეზე ასევე 2023 წელს დაჯდა.
| რეიტინგი | ქვეყანა | მისიების რაოდენობა |
| 1 | აშშ | 44 |
| 2 | საბჭოთა კავშირი | 23 |
| 3 | ჩინეთი | 10 |
| 4 | იაპონია | 6 |
| 5 | ინდოეთი | 3 |













