NASA-ს ვულკანის გაცივებისა და ამ გზით ენერგიის გენერირებისთვის $3.46-მილიარდიანი გეგმა აქვს

NASA-ს ვულკანის გაცივებისა და ამ გზით ენერგიის გენერირებისთვის $3.46-მილიარდიანი გეგმა აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში არსებული ცხელი წყაროებისა და გეიზერების ქვეშ, დედამიწის წიაღში გავარვარებული მაგმაა მოქცეული, რომელიც ერთ დღეს, შესაძლოა, სუპერვულკანის სახით ამოიფრქვეს. ქვეყნის აერონავტიკისა კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) წარმომადგენლების განცხადებით, ეს ჩვენი პლანეტისთვის და კაცობრიობისთვის იმაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ასტეროიდთან შეჯახებაა.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ აღნიშნული საშიშროების თავიდან არიდების მიზნით ამბიციურ გეგმაზე მუშაობის შესახებ, რომელიც ვულკანის მიძინებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას გულისხმობს, ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ NASA-ს მიერ შემოთავაზებული მეთოდით მიმდებარე ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგება იქნება შესაძლებელი. წინასწარი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 3.46 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. სააგენტოს წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამ გეგმის განხორციელება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა, მათი განმარტებით, კაცობრიობის გადასარჩენად მსგავს რისკზე წასვლა ნამდვილად ღირს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, გავარვარებული მაგმის ზემოთ არსებული მყარი ფენის გაბურღვა და წარმოქმნილი ხვრელების საშუალებით იქ მაღალი წნევის მქონე ცივი წყლის ჩაშვება იგეგმება. ეს უკანასკნელი ვულკანის გაცივებას გამოიწვევს. რაც შეეხება გამავალ წყალს, რომელიც, სპეციალისტების გამოთვლებით, დაახლოებით 350°C-მდე გაცხელდება, მას ელექტროენერგიის გენერირებისთვის გამოიყენებენ.

NASA-ს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გეგმის განსახორციელებლად ფინანსური სახსრების მოძიებას ინვესტიციების გზით შეძლებენ. კერძოდ კი, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო საკუთარი ამბიციური პროექტით გეოთერმული ენერგიის მწარმოებელი კომპანიების აქტიურად დაინტერესებას ელის. NASA-ს სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული მეთოდით ელექტროენერგიის მოპოვება მათ დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

მეცნიერების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ვულკანი ჩვენს სიცოცხლეში ამოიფრქვეს. სპეციალისტები ამას მხოლოდ 10 ათასი წლის შემდეგ ვარაუდობენ. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დაახლოებით 20 სუპერვულკანია. თითოეული საშუალოდ 100 ათას წელიწადში ერთხელ აქტიურდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *