NASA სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ელექტროძრავის შესაქმნელად ორ კომპანიას 250 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს

NASA სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ელექტროძრავის შესაქმნელად ორ კომპანიას 250 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ელექტროძრავის დასამზადებლად ორ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილია, ტექნოლოგიის შექმნისთვის ორგანიზაცია მათ საერთო ჯამში 253.4 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს. აღნიშნული ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

NASA-მ პროგრამა Electric Powertrain Flight Demonstration-ის ფარგლებში აშშ-ის ქალაქ ცინცინატიში დაფუძნებული კომპანია GE Aviation-ი და ამავე ქვეყნის ქალაქ რედმონდში მდებარე კომპანია MagniX-ი შეარჩია. ორგანიზაციამ პირველ მათგანს 179 მილიონი აშშ დოლარი გადასცა, მეორეს კი 74.3 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიებს  კონცეპტის წარსადგენად, სისტემის განვითარებისთვის, ასევე მის ხმელეთსა თუ ჰაერში გამოსაცდელად ხუთწლიანი ვადა მიეცემათ. ეს დემონსტრაციები სპეციალისტებს ტექნოლოგიის დახვეწასა და მის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ GE Aviation-ისა და MagniX-ის მიერ შექმნილ ელექტროძრავაზე მომუშავე თვითმფრინავებს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში, მოკლე დისტანციაზე ფრენებისთვის გამოიყენებენ. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტ EPFD-ის ყველა ეტაპი 2035 წლამდე უნდა განხორციელდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი აპარატები ავიარეისების შესასრულებლად მოცემული დროისთვის უკვე მზად იქნება.

NASA-ს წარმომადგენლების ვარაუდით, ავიაციაში ელექტროძრავით აღჭურვილი თვითმფრინავების შეტანა როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *