ფოტო: Getty Images
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა, რამაც საფონდო ინდექსებზე მოახდინა გავლენა. შედეგად, ხუთშაბათის შუადღის მდგომარეობით, Dow Jones-ის ინდექსი 2.2%-ით (1,089 პუნქტით), ხოლო S&P 500 და ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი, შესაბამისად, 1.3%-ით და 1.1%-ით დაეცა.
28 თებერვალს ირანზე ისრაელისა და აშშ-ის კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ნავთობის ფასები თითქმის ორწლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. მიზეზი პოტენციური ომის საფრთხეა, რომელიც გავლენას ინფლაციასა და გლობალურეკონომიკაზე იქონიებს. მაგალითისთვის, აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ინდექსი, West Texas Intermediate (WTI), 9%-ით გაიზარდა და $81-ს გადააჭარბა, ხოლო Brent Crude-ის საერთაშორისო საორიენტაციო ინდექსი 5%-ით, დაახლოებით $84.45-მდე გაიზარდა — ეს ორივე ინდექსისთვის, 2024 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბაზარზე ნავთობის ფიუჩერსების ფასის ზრდა ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო დარტყმის შესახებ. ბრიტანეთის საზღვაო ძალების განცხადებით, დარტყმების სამიზნე იყო ერაყის წყლებში მცურავი ტანკერიც.
Dow Jones-ის სამრეწველო საშუალო ინდექსის შემთხვევაში, აქციების ღირებულების ყველაზე დიდი ვარდნა შემდეგმა კომპანიებმა დააფიქსირეს: Caterpillar-ი (-4.6%), Walmart-ი (-4.3%), Goldman Sachs-ი (-3.9%) და Boeing-ი (-3.3%). ხოლო Nasdaq-ის ვარდნა ისეთი კომპანიების აქციების ფასის კლებას მოჰყვა, როგორიცაა AMD (-2.5%), Apple (-1.5%), Nvidia (-1.5%), Alphabet-ი (-1.4%) და Tesla (-0.9%).
ცნობისთვის, Nvidia-სა და AMD-ის აქციების ღირებულების ვარდნა Bloomberg-ის სტატიას მოჰყვა, რომლის თანახმადაც AI-ჩიპების ექსპორტზე კომპანიებს აშშ-ის მთავრობისგან სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ.















