წამყვანი გლობალური სავაჭრო ფირმები 15 მაისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებული კომპანიებიდან ნედლი ნავთობის შესყიდვების შეჩერებას გეგმავენ. ეს ნაბიჯი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმიანება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირს რუსული ნავთობის იმპორტზე აკრძალვა არ დაუწესებია, რადგან ქვეყნები, მათ შორის გერმანიაც, ძლიერადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ალტერნატიული ინფრასტრუქტურაც არ გააჩნია. თუმცა სავაჭრო კომპანიები შეწყვეტენ შესყიდვებს რუსული ენერგეტიკული ჯგუფ Rosneft-ისგან, რადგან ისინი ცდილობენ, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაემორჩილონ, რომლებიც რუსეთისთვის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ევროპის გადამმუშავებელი ქარხნები სულ უფრო მეტად ამცირებენ რუსული ნედლი ნავთობის გამოყენებას, რამაც რუსულ ექსპორტზე გავლენა უკვე მოახდინა. თუმცა მისი დაბალი ფასიდან გამომდინარე, რუსული ნავთობის შესყიდვები აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთსა და ჩინეთში, მატულობს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, აპრილში რუსული ნავთობის დღიური მიწოდება 1.5 მილიონი ბარელით შემცირდება, მაისიდან კი აღნიშნული ციფრი შესაძლოა, 3 მილიონამდეც გაიზარდოს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამა და ავსტრალიამ რუსულ ნავთობზე აკრძალვა დააწესეს. მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის Shell-მა, TotalEnergies-მა და Neste-მ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის დაუყოვნებელი, ან წლის ბოლომდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ევროკავშირი შემდეგი იქნება, ვინც რუსულ ნავთობზე აკრძალვას დააწესებს. გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკი, სანქციების ახალი რაუნდის ფარგლებში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს განიხილავს.