ნებისმიერ ორგანიზაციულ დონეზე პროცესების წარმატებით მართვა ორკესტრის დირიჟორობას გავს. იგი მოიცავს კომუნიკაციის სხვა და სხვა ფორმას, მედია საშუალებას და გენერალური სტრატეგიის თანახმად შესრულებულ ამოცანათა ერთობლიობას. მიზანმიმართულ ქმედებათა ჯამი ყოველთვის შედეგიანია. ამ პროცესებთან დაკავშირებით რეალური ფაქტების ინტერპრეტაცია და ცხოვრებისეული მაგალითების თანამიმდევრული მოყოლა საზოგადოებასთან ურთიერთობის პრეროგატივაა. დროში გაწერილი მოვლენების სიტუაციური ანალიზით სწორად დაგეგმილი კამპანია თვალნათლივ აჩვენებს ადრინდელი გამოცდილების საფუძველზე მიღებულ შედეგებს. ციფრული ტექნოლოგიების ერაში ურთიერთობები კიდევ უფრო დაიხვეწა და საინტერესო გახდა.
და მაინც… რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ ბრენდისთვის, პოლიტიკური პარტიისა და კონკრეტული პიროვნებისთვის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები?!
დენი როჯერსის ახლახან გამოცემულ წიგნში „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო,“ მოცემულია ერთგვარი „მანიფესტი“, სადაც 1970 -იანი წლებიდან დღემდე კომუნიკაციების განვითარების ისტორია მოკლედ არის შეჯამებული.
პირადი დაკვირვებიით გამოვყოფ რამდენიმე არსებით კრიტერიუმს, რაც გვეხმარება წინსვლასა და სასურველი მიზნის მიღწევაში.
კონცეფციის აუთენტურობა და მიზანი – ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები, რომლის საორგანიზაციო კომიტეტს ინტუიციამ უკარნახა რა იყო მნიშვნელოვანი ახალი თაობის სამომხმარებლო მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. უპირველეს ყოვლისა, შეიქმნა მიზანზე ორიენტირებული ერთიანი კონცეფცია, რის შედეგადაც მიღებულმა გონივრულმა გადაწყვეტილებებმა განსაკუთრებული მიღწევები განაპირობა. მისიის საფუძველს შეადგენდა „თაობის გამოწვევა“. მთავარი საკითხი იყო პროექტის მიმართ ნდობის მოპოვება. „ყველაფერი შემუშავდა პროექტის „გულისცემის“ უზრუნველსაყოფად, – თქვა საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების დირექტორმა ბროქ-დოილმა – ჩვენ ვუთხარით ხალხს რის გაკეთებას ვაპირებდით, ვუთხარით, რას ვაკეთებდით და ვუთხარით, რაც გავაკეთეთ“. ყველა გზავნილი მიზანმიმართლად დაეფუძნა მარტივ სტრატეგიას, რომელმაც ბუნებრივად დაასაბუთა დანაპირების შესრულება.
ლიდერობა და შემოქმედებითი ალღო – ძნელი მისახვედრი როდია, რომ გლობალიზებული მედიის პირობებში, როცა ციფრული სამყარო უსწრაფესად ვითარდება, დაინტერესებულ მხარეთა შორის ნდობის მოპოვება კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჟუნრალ Harvard Business Review-ის 2014 წლის ინტერვიუში ერთერთი უმსხვილესი კომპანია „უნილევერის“ მთავარი მარკეტოლოგი კით უიდი განმარტავს, რომ ლიდერობის შესანარჩუნებლად საჭიროა მკაფიოდ წარმოაჩინო მისია, შენს „მოძრაობაში“ მაქსიმალურად ჩართო საზოგადოება, პასუხი აგო მიწოდების ჯაჭვზე, მომხმარებლის კეთილდღეობაზე და გაუმკლავდე მიმდინარე გამოწვევებს, რათა უკეთესობისკენ შეცვალო სამყარო. ამაში გეხმარება შემოქმედებითი, ვიზუალური ხედვის განვითარება, რომლის საშუალებითაც ხდები ლიდერი და ინიციატორი გამორჩეული პროდუქტის შექმნაში.
პარტნიორობის ინოვაციური მიდგომები – ახალს არაფერს ვამბობ, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ძლიერი გუნდის სწორი ხედვა მხოლოდ მაშინ იმარჯვებს, როცა პარტნიორები სათანადოდაა შერჩეული. ამ პრინციპის მქონე ყველა კამპანია გამოირჩევა გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობებით არასამთავრობო თუ სახელისუფლებო ორგანიზაციებთან და სხვა გავლენიან პირებთან. „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი საკმაოდ ეფექტიანი მენეჯერი აღმოჩნდა. მან თავის გუნდთან ერთად შეძლო გართობასა და ბიზნესს შორის მყარი ურთიერთთანამშრომლობა, რამაც „როლინგ სტოუნზს“ შეუქმნა კომპეტენტური ბრენდის რეზონანსული იმიჯი და ეს, თავის მხრივ, ფინანსურადაც მომგებიანი აღმოჩნდა.
„ნარატივი,“ როგორც მოდური ტენდენცია – ბოლო დროს საკმაოდ ტრენდულია ე.წ. ამბის თხრობა“. ეს არის ინტეგრირებული მარკეტინგული კომინიკაციის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომლის მეშვეობითაც როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში დამკვიდრდა ფაქტებზე აგებული სისტემური კამპანია მედიაზე ობიექტური ზეგავლენის მოსახდენად. კომუნიკაციების სწორად მართული, ჭეშმარიტად მიუკერძოებელი კამპანიის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლენაა კომერციული კოსმეტიკური პროდუქტი „DOVE – ნამდვილი სილამაზისთვის“. ამ ერთგვარი „დიდი იდეის“ გარშემო „ნამდვილი ქალის“ წარმოჩენით სტრატეგიის ავტორებმა შეძლეს მსოფლიოს მასშტაბით ქალების თვითდაჯერებისა და თვითშეფასებულობის ამაღლება. ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომით DOVE-ს მწარმოებელი წარდგა არა როგორც კომპანია, რომელიც საპონს ყიდის, არამედ „მოძრაობა, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა სილამაზეზე. აი, რა არის მთავარი!
მკაფიო ხედვა და გუნდური ერთიანობა – არა ერთი წარმატების ისტორია ასაბუთებს, რომ ყველა კამპანიის საწყისი წერტილი და რაციონალური გათვლა სწორედ ამ ტანდემზეა დამოკიდებული. როცა ნათლად ხედავ, რისი მიღწევა გსურს, როცა შემოიკრებ თანამოაზრეთა გუნდს და შთაუნერგავ დასახული მიზნისადმი ერთგულებას, ბუნებრივია წარმატებული შედეგიც არ დააყოვნებს. ბრაიან ტრეისის თქმით, ლიდერები საშუალო სტატისტიკური ადამიანისგან იმით გამოარჩევიან, რომ აქვთ სწორი ხედვა. მომავლის ზუსტი განჭვრეტა, პირადი ცხოვრებისა თუ კარიერული საფეხურების ნათლად წარმოსახვა, საკუთარი მისიის განსაზღვრა – აუცილებელი პირობაა წარმატების კიბეზე ასასვლელად. ხედვა, როგორც კომპასი, მუდმივად მომართული უნდა იყოს გზის მიმანიშნებლად, საით წახვიდე, რატომ და რისთვის. ნებისმიერი სფეროს ლიდერები თავს უფლებას აძლევენ იოცნებონ, შექმნან მკაფიო სურათი, რა არის შესაძლებელი და არასდროს ჯერდებიან იმას, რაც ამჟამად ხდება მათ გარშემო. სამოტივაციოდ ჩვენც გამოგვადგება ცნობილი ინგლისელი მწერლის, სცენარისტ ბერნარდ შოუს გამონათქვამი: „ადამიანთა უმეტესობა სამყაროს უყურებს და კითხულობს, „რატომ?“, მეც ვუცქერ სამყაროს და ვამბობ, „რატომაც არა?!“ იმისთვის, რომ ხედვა რეალობად ვაქციოთ, შესაფერისი გუნდი გვესაჭიროება, რომელიც ერთგულად მიყვება თავის წინამძღოლს და ბოლომდე ენდობა. ცხადია, საზოგადოებაც აღიარებს ამ დამოკიდებულებას და ლოიალობას იჩენს.
მარკეტინგული კომუნიკაციებისა და რეპუტაციული მართვის ექსპერტი რიჩარდ ედელმანი აღნიშნავს, რომ კორპორაციული რეპუტაცია და სანდოობის მაღალი რეიტინგი ნებისმიერი ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი აქტივია, რომლის მართვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ეს კიდევ უფრო აქტუალურია დღესდღეობით, როდესაც ლიდერი კომპანიები ფუნქციონირებენ მშფოთვარე გლობალურ ბიზნეს გარემოში, საქმე აქვთ უკიდურესად მომთხოვნ, კარგად გათვიცნობიერებულ დაინტერესებულ მხარეებთან და განუწყვეტლივ ეჯახებიან ციფრული ტექნოლოგიების რევოლუციურ ცვლილებებს. კომპანია ედელმანის „ნდობის ბარომეტრის“ ათი მცნებიდან ერთერთი მოგვიწოდებს, რომ რეპუტაციის მართვა ეფუძნება 3 მთავარ ბერკეტს – კარგად ორგანიზებულ გუნდს, მაღალხარისხიან მომსახურებას და მომხმარებლის ყურისგდებას. ეს არის უწყვეტი ციკლი, რომლის გამართული მუშაობა განპირობებულია მრავალმხრივი საკომუნიკაციო სისტემით.
და ბოლოს, რა არის შორსმჭვრეტელი და ეფექტიანი ურთიერთობების შედეგი?! – კომუნიკაციის პროფესიონალთა მიერ გრძელვადიან პერსპექტივაში გამყარებული ნდობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს კონკრეტული ორგანიზაციის გაწონასწორებული ამბიცია, ხელმძღვანელობის შემოქმედებითი ხედვა და ალღოზე დაფუძნებული მოტივაცია.
ავტორი: მაკო ჯაოშვილი, კომუნიკაციის ექსპერტი, ბიზნეს-ტრენერი, წერს თვითმოტივაციაზე, პერსონალურ და პროფესიული ზრდა-განვითარებაზე, საკომუნიკაციო სტრატეგიის სწორად დაგეგმვასა და მართვაზე