ონლაინ იდენტიფიკაციის პლატფორმა იდენტომატი, რომელიც ზურაბ კოტარიამ, რევაზ იმნაძემ და დავით ლომიაშვილმა 2020 წელს დააარსა, დღეს 20 ქვეყანაში 150 კლიენტს ემსახურება და თვეში 3 მილიონამდე ვერიფიკაციას ამუშავებს. კომპანია ერთხელ უკვე აღმოჩნდა სწორ დროს სწორ ადგილას, როცა პანდემიამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაიწყო დისტანციური ვერიფიკაციის შეთავაზება. ახლა კი, როცა აგენტებზე დაფუძნებული კომერციისა და სტეიბლკოინების ეპოქა იწყება, Identomat-ი კვლავ ცვლილებების ცენტრშია და ბიზნესებს ვერიფიკაციის უსაფრთხო, ავტომატიზებულ და სრულად დისტანციურ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
რამ მიგიყვანათ იდენტომატის შექმნამდე?
ზურაბ კოტარია: იდენტომატამდე რამდენიმე წელი სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროტოტიპზე ვმუშაობდით. დაახლოებით ათი სხვადასხვა მიმართულება ვცადეთ — საწარმოო პროცესების ავტომატიზაციიდან დაწყებული, საფინანსო სექტორისა და უძრავი ქონების ანალიტიკური ინსტრუმენტებით დასრულებული. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი გლობალური ავტომწარმოებლისათვის შევქმენით ვიზუალური ამოცნობის სისტემა, რომელიც კონვეიერის დაუფასოებელ დეტალებს ამოიცნობდა და რობოტს ობიექტის სწორი პოზიციონირებისათვის მონაცემებს აწვდიდა.
ვმუშაობდით ასევე კაზინოებისათვის მაგიდის ზედაპირზე მიმდინარე პროცესის მონიტორინგზეც — სისტემა ავტომატურად ცნობდა კარტებს, ჩიპებს, კომბინაციებს და ადგენდა, რა უნდა გაეცა ან მიეღო დილერს. ესეც საკმაოდ ეფექტიანი გადაწყვეტა იყო, რადგან თითო მაგიდაზე დაახლოებით ოთხი ადამიანის შრომის ეკონომიას აკეთებდა.
ამ პროცესში შევედით საკრედიტო რისკების შეფასების სფეროშიც — უკრაინაში რამდენიმე მსხვილ მიკროსაფინანსოს ვუკეთებდით კრედიტ სკორინგს. იქ ყველაზე დიდი სირთულე მომხმარებელთა ვერიფიკაცია აღმოჩნდა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით დოკუმენტიდან მონაცემების ავტომატური ამოცნობის ფუნქცია. ამ პროექტმა კონკრეტული გზა გაგვიკვალა, რომლისკენაც აქტიური ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. დოკუმენტიდან მონაცემების ავტომატური ამოცნობის ფუნქციის ამუშავებიდან ორ კვირაში პანდემია დაიწყო. ყველაფერი გაჩერდა. იდენტომატს ამ დროისთვის უკვე შეეძლო დოკუმენტის დამუშავება, სახეების შედარება, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო პროდუქტად შეფუთული. თუმცა, გარემოსთან ადაპტაცია საკმაოდ სწრაფად მოხერხდა: 2020 წლის ზაფხულში დამატებითი კვლევები გავაკეთეთ და შემოდგომაზე კლიენტებს უკვე სრულფასოვანი სერვისი შევთავაზეთ.
ანუ Identomat ერთ-ერთი იყო იმ მრავალ იდეას შორის, რომელიც ტესტავდით?
დაახლოებით ათამდე პროტოტიპი გვქონდა. ზოგი — MVP დონეზე, ზოგი უკვე რეალურად მუშაობდა. ყველა ბაზარზე ვტესტავდით და ვუყურებდით, რომელი გამოიწვევდა უფრო მეტ დაინტერესებას. იდენტიფიკაციის მიმართულებამ ყველაზე სწრაფად აჩვენა ზრდის პოტენციალი. გარდა, ამისა, ამ გამოცდილებაში გარკვეული საერთო ხაზი გამოიკვეთა: სადაც პროცესები ადამიანებზეა დაფუძნებული და მაღალია შეცდომის რისკი, იქ ავტომატიზაცია ყველაზე სწრაფად ქმნის ღირებულებას.
რამდენად რთული იყო საწყის ეტაპზე ბანკებისა და სხვა ფინანსური კომპანიების ნდობის მოპოვება?
ვფიქრობ, გარემოებებმა გარკვეულწილად გაგვიადვილა მათი დარწმუნება: ერთ მხარეს იყო გაჩერებული სერვისები და მეორე მხარეს — საშუალება, რომ თანამედროვე და სანდო სერვისი ჩაეშვათ და შეუფერხებლად გაეგრძელებინათ საკუთარი ბიზნეს-პროცესები. უფრო დიდი პრობლემა იყო სტანდარტები, რეგულაციები და ფორმატები. ძალიან დაგვეხმარა ეროვნული ბანკის Sandbox-ის პროგრამა: იქ გავიარეთ ვალიდაცია, მივიღეთ სტანდარტებთან შესაბამისობა და სანდოობა, რამაც კლიენტების მიმღებლობა გაზარდა.
დროთა განმავლობაში დაგვემატა საინფორმაციო უსაფრთხოების შესაბამისობის სერთიფიკატი — ISO-27001 და მოგვიანებით SOC2, გავიარეთ Liveness-ის შეღწევადობის აუდიტი ISO-30107 level 2-ის შესაბამისად. სისტემა ასევე თავსებადია GDPR (General Data Protection Regulation) პირობებთან და გვაქვს eIDAS რეგულაციის შესაბამისობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამუშავებულ ინფორმაციას სწორად და უსაფრთხოდ ვინახავთ.
ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კომპანიებიდან პირველი კლიენტი ლაზიკა კაპიტალი იყო, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებულიდან — სადაზღვევო კომპანია ალდაგი. ძალიან გვახარებს, რომ მათი სრული უმრავლესობა, ვინც ერთხელ დანერგა ჩვენი სისტემა, დღესაც აგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას.
როგორია თქვენი ბიზნეს მოდელი?
დაახლოებით გამოწერის (Subscription)-ის მოდელია, თუმცა ცოტა სახეცვლილი. ძალიან ჰგავს Payment-ების სერვისის ინტეგრაციას. როდესაც კლიენტი მოდის, ვაძლევთ სისტემის ანგარიშს, API დოკუმენტაციას და დანარჩენს უკვე თვითონ აკეთებენ – ანუ ინტეგრაცია ძალიან მარტივად ხდება, რასაც თან ახლავს მასშტაბირებაც. არიან კლიენტები, რომლებიც ორ დღეში უკვე მზად არიან “პროდაქშენში” გასასვლელად. დიდ ორგანიზაციებთან მთავარი გამოწვევა უფრო მათ მხარეს ციფრული ინფრასტრუქტურის გამართვა და პროცესების დალაგებაა.
გვაქვს ფიქსირებული ფასი მინიმალურ ტრაფიკზე და მასშტაბის ზრდასთან ერთად ფასებიც იცვლება.
ხშირად გამოიყენება ტერმინები KYC, KYB, KYT. რას გულისხმობს ეს მოდელები?
ამ აბრევიატურებს ერთი ძირითადი პრინციპი აერთიანებს: იცოდე, ვისთან გაქვს საქმე. KYC ნიშნავს Know Your Customer-ს (იცნობდე შენს მომხმარებელს) — ეს არის ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია, იმის დადასტურება, რომ კონკრეტული ადამიანი ნამდვილად ისაა, ვის ვინაობასაც გისახელებს.

შემდეგ გაჩნდა KYB ანუ Know Your Business. როცა B2B სერვისზეა საუბარი, აქ აღარ კმარა მხოლოდ ხელმომწერი პირის მონაცემები. თავად კომპანიაზეც უნდა იცოდე ბევრი რამ: მფლობელები, მენეჯმენტი, ბენეფიციარები, რისკიანობის დონე. ეს ყველაფერი AML — ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთასთან დაკავშირებული პოლიტიკებით რეგულირდება.
KYT არის Know Your Transaction. აქ უკვე ლაპარაკია არა ადამიანზე ან კომპანიაზე, არამედ კონკრეტულ ტრანზაქციაზე. ბანკი ან საგადახდო ოპერატორი ვალდებულია იცოდეს, არის თუ არა გადარიცხვა ნორმალური ეკონომიკური აქტივობის ნაწილი, ხომ არ გამოიყენება ეს ტრანზაქცია არალეგალური მიზნებისთვის და ა.შ. ფინანსურ სექტორში KYT უკვე სტანდარტია და ის სწრაფად ვრცელდება სხვა ინდუსტრიებზეც.
იდენტომატის შემთხვევაში, სამივე მიმართულება ინტეგრირებულია ერთიან ეკოსისტემაში, რაც უზრუნველყოფს გაცილებით სწრაფ, უსაფრთხო და ავტომატიზებულ Compliance პროცესებს.
იდენტომატის ქსელი მოიცავს საქართველოს 10-ზე მეტ მსხვილ ბანკს, ასევე — ქვეყნის ყველა სატელეკომუნიკაციო კომპანიას. გლობალურ ბაზარზე რა პოზიციას იკავებთ?
დაახლოებით 20 ქვეყანაში გვყავს კლიენტები, ჯამში — 150-მდე კლიენტი და მათ შორის დიდი სახელებიც — მაგალითად, Credit Agricole, Novapay უკრაინაში, რომელიც ყველაზე დიდი გადამზიდი კომპანიის, Nova Pochta-ს გადახდების პროვაიდერია და რომლის დღიური ტრაფიკიც შეიძლება მთელი საქართველოს ტრაფიკს აჭარბებდეს. ვმუშაობთ ფინტექის, კრიპტო და iGaming-ის ინდუსტრიების წამყვან კომპანიებთან ევროკავშირში, ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებში.
რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
ერთ კრიტერიუმზე შეჩერება რთულია – იდენტომატის უპირატესობა ტექნოლოგიური სიზუსტის, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების, პროცესის სიჩქარისა და გლობალური მასშტაბის ერთობლიობაშია. იდენტომატის AI მოდელები მინიმუმამდე ამცირებს drop-off-ს, პლატფორმა სტაბილურად ამუშავებს ასი ათასობით ვერიფიკაციას დღეში და უზრუნველყოფს ბანკის-დონის SLA-ებს. სწორედ ამიტომ, იდენტომატის გადაწყვეტა, გეოგრაფიისა თუ ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი კომპანიისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.
იდენტომატი ცოტა ხნის წინ დასახელდა Liminal Link Index-ში, რომლის ანგარიშიც ციფრული იდენტობისა და ნდობის გლობალურ ლიდერებს გამოარჩევს. გარდა ამისა, SiGMA Europe-ზე „საუკეთესო KYC გადაწყვეტის“ ნომინაციაზე იყავით ნომინირებულები. რა უძღვოდა წინ ამ აღიარებას?
Liminal-ის ინდექსში მოხვედრა საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვუზიარებდით ინფორმაციას იდენტომატის პროდუქტების შესახებ. 2025 წლის ზაფხულში გამოაქვეყნეს ანგარიში და 200-მდე შესწავლილი კომპანიიდან იმ 27-ში მოვხვდით, რომელზეც Liminal-მა ინდივიდუალური ანგარიში მოამზადა. გარდა ამისა, ლიდერი ვენდორების ოცეულშიც დავსახელდით გლობალური ლიდერი კომპანიების რიგში. ეს ყველაფერი, ცხადია, პარტნიორების მოძიებას გვიმარტივებს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც ამა თუ იმ ინდუსტრიაში ვენდორის შერჩევაზე მუშაობს, სავარაუდოდ, ამ ანგარიშსაც შეისწავლის.
რაც შეეხება Sigma-ს, ეს რამდენიმე კვირის ამბავია. ამ შემთხვევაში KYC გადაწყვეტის ნომინაციაში საუკეთესო ვენდორების ხუთეულში მოვხვდით, რომელშიც, ასევე, წამყვანი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი.
რითი ზომავთ კომპანიის პროგრესს?
ყველაზე პრაგმატულად რომ ვთქვა — შესრულებული ვერიფიკაციების რაოდენობით დღიურ თუ თვიურ ჭრილში, რაც შემდეგ შემოსავალში ითარგმნება. თვიური ტრანზაქციების რაოდენობა 3 მილიონამდე აღწევს. ეს მაჩვენებელი პერიოდების მიხედვით იცვლება, შაბათ-კვირას შეიძლება დაიკლოს, შუა კვირაში — მოიმატოს. Black Friday-სა და სადღესასწაულო პერიოდებში პიკში ადის. ეს მაჩვენებელი მიბმულია ასევე ახალი პარტნიორების შეძენაზე, ამიტომ კარგ ინდიკატორს წარმოადგენს.
ფინანსური ინსტიტუტების გარდა, რა ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობთ?
ვცდილობთ, ჩვენი სერვისებისათვის განსხვავებული გამოყენება მოვძებნოთ. მაგალითად, სასტუმროებს დავეხმაროთ Check-in-ისა თუ Check-out-ის ავტომატიზაციაში, რათა ამ პროცესში ადამიანური ჩართულობა აღარ იყოს აუცილებელი. ინოვაციის შეტანა შეიძლება ყველგან, სადაც ახლა პირადობის მოწმობის ჩვენება გვჭირდება: იქნება ეს მანქანის თუ ბინის ყიდვა / გაქირავება, Loyalty სერვისები, რეცეპტისა თუ ჯანმრთელობის ცნობის გაცემა და ასე შემდეგ.
გუნდზეც მოგვიყევით — როგორ გაიზარდა წლების განმავლობაში იდენტომატი?
თავდაპირველად კომპანია მე და რეზო იმნაძემ დავაფუძნეთ. შემდეგ დავით ლომიაშვილი შემოგვემატა. ამჟამად 50-მდე თანამშრომელი გვყავს. მათი 80% საქართველოშია, თუმცა აქტიურად ვფართოვდებით სხვადასხვა ბაზარზე. გვყავს ბიზნესის განვითარების მენეჯერები ბრიტანეთში, უკრაინასა და აშშ-ში.
რა ღირებულებებს ეფუძნება თქვენი მართვის სტილი?
გაწერილი პრინციპები არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე თვისებას გამოვყოფდი: პირველი — სიმართლე. მართალი უნდა იყო თანამშრომლებთან. მეორე — მიზანდასახულობა. აუცილებელია, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ადამიანებს დაეხმარო და მხარი დაუჭირო. მესამე — მონდომებაა, როცა არ გეზარება თუნდაც რთული პრობლემების გადაჭრა.
რა არის ახლა იდენტომატისათვის მთავარი გამოწვევა?
ახლა მთავარი ფოკუსი სხვადასხვა ქვეყანაში ახალი კლიენტების შეძენაზეა მიმართული. ვამზადებთ შინაარსობრივად ახალ კომპონენტებს, რომლებიც იდენტომატის საყრდენად იქცევა. სულ ვადევნებთ თვალს, რა არის აქტუალური ფინტექში თუ სხვა სფეროებში. იდენტომატის სერვისების მიმართ დიდი ინტერესია კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ კომპანიებისგან. იმატებს მოთხოვნა Compliance-ის პროცესების ავტომატიზირებაზე. KYC, KYB და KYT მოდულების ერთობლიობა საშუალებას მოგვცემს, სრულად ინტეგრირებული RegTech ეკოსისტემა შევქმნათ.
რა ტრენდები განსაზღვრავს ფინტექისა და რეგტექის მომავალს?
ოქტომბერში Money 20/20-ზე ვიყავით ვეგასში და იმდენად დიდი ინტერესი იყო ვერიფიკაციისა და Compliance-ის მიმართულებით, რომ პრაქტიკულად ნახევარი კონფერენცია ამას მიეძღვნა. პანდემიის შემდეგ ცოტა მიძინებული იყო ეს საკითხები და ახლა ინტერესი ისევ დაბრუნდა, რაც ძალიან მკაფიო სიგნალია ბაზრის მიმართულებასთან დაკავშირებით.
და ბოლოს, როგორ აღწერდით იდენტომატის მისიას ერთი წინადადებით?
ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ და ავტომატური გავხადოთ ყველაფერი, რისი კეთება არავის უყვარს, მაგრამ ყველას სჭირდება.
















