Nebius-მა AI-ინფრასტრუქტურის მიწოდებაზე Meta-სთან $12-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

Nebius-მა AI-ინფრასტრუქტურის მიწოდებაზე Meta-სთან $12-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

ფოტო: Nebius Group NV

 

ამსტერდამში დაფუძნებულ AI-ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Nebius Group-სა და ამერიკულ Meta Platforms-ს შორის, 2027 წლისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდებაზე შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების საწყისი ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს, თუმცა კონტრაქტის პირობებით შესაძლოა, $27 მილიარდამდე გაიზარდოს.

შეთანხმება მოიცავს Meta-სთვის, 2027 წლამდე კომპანიის სხვადასხვა ლოკაციაზე, ჯამში $12 მილიარდის ღირებულების AI-გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდებას. ამასთან ერთად კი Meta-ს უტოვებს უფლებას, შეისყიდოს დამატებით $15 მილიარდის სიმძლავრე იმ შემთხვევაში, თუ Nebius-ი ამ რესურსს მომდევნო 5 წლის ვადაში სხვა კლიენტებზე არ გაასხვისებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას Nebius-ის 8.3%-იანი წილის შესაძენად ნიდერლანდურ კომპანიაში $2 მილიარდის ინვესტირების შესახებ განაცხადა Nvidia-მაც. გარდა ამისა, Nebius-მა ნოემბერში Meta-სთან $3 მილიარდის ღირებულების საწყისი გარიგება, ხოლო სექტემბერში Microsoft-თან $17.4 მილიარდის შეთანხმება გააფორმა.

Nasdaq-ზე დალისტული Nebius-ის აქციების ღირებულება მიმდინარე წელს 35%-ითაა გაზრდილი. პარასკევს, სავაჭრო სესიის დასრულებისთვის, ერთ აქციაზე ფასმა $112.5 შეადგინა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $28.6 მილიარდამდეა გაზრდილი. Nebius-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის კომპანიის წლიური შემოსავალი $7-$9 მილიარდამდე გაიზრდება, 2025 წლის ბოლოს მიღებულ $1.25 მილიარდთან შედარებით.