ნეპალში სოციალური მედიის აკრძალვის წინააღმდეგ აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ნეპალში სოციალური მედიის აკრძალვის წინააღმდეგ აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 150-მდე პირი, მათ შორის 28 პოლიციელი.

კატმანდუში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რას ნეპალის მთავრობამ სოციალური მედიის პლატფორმების, მათ შორის Facebook-ის, X-ისა და YouTube-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განცხადებით, პლატფორმებს ქვეყანაში კომპანიების ოფიციალურად რეგისტრაციის მოთხოვნით არაერთგზის მიმართეს, თუმცა მათგან შესაბამისი რეაგირება არ მიუღიათ. შეზღუდვის მიზეზად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების რეგულირება დასახელდა.

ნეპალის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტრომ, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური ქსელების დაბლოკვა ჯერ კიდევ გასულ კვირას დააანონსა. ნეპალის ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად ქვეყანაში TikTok-ი, Viber-ი და კიდევ სამი პლატფორმა დარეგისტრირდა, რომლებიც მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები ორშაბათს გამწვავდა. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს, ღობეები გაარღვიეს და სპეცრაზმი უკან დახიეს. Associated Press-ის ცნობით, პოლიციელებმა დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მედიაში ორშაბათის აქციას „Z-თაობის“ პროტესტი უკვე ეწოდა, რადგან დემონსტრაციებში ძირითადად 1995-დან 2010 წლამდე დაბადებული პირები მონაწილეობდნენ. „შეაჩერეთ სოციალური მედიის აკრძალვა, შეაჩერეთ კორუფცია და არა სოციალური მედია“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.