Nestlé მსოფლიო მასშტაბით 16,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

Nestlé მსოფლიო მასშტაბით 16,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის გიგანტმა Nestlé-მ განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 16,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. კომპანიის ინფორმაციით, აქედან 12,000 პოზიცია ადმინისტრაციულ და საოფისე სამუშაო ადგილებს, ხოლო 4,000 — წარმოების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტებს მოიცავს.

კადრების შემცირება Nestlé-ს ფართო რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომლის მიზანი სამუშაო ძალის ოპტიმიზაცია და ინვესტიციების მაღალშემოსავლიან მიმართულებებში გადამისამართებაა, მათ შორის ყავის, ტკბილეულისა და პრემიუმ-კატეგორიის პროდუქტებისკენ. აღსანიშნავია, რომ კომპანია წყლის, პრემიუმ-სასმელების, ვიტამინებისა და დანამატების ბრენდების პორტფელის სტრატეგიულ გადახედვასაც განიხილავს.

Nestlé აცხადებს, რომ ცვლილებები მოგებიანობისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ არის მიმართული, იმის ფონზე, რომ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე ზეწოლას ზრდადი ხარჯები და სავაჭრო ბარიერები ახდენს. 2022 წლიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 35%-ითაა შემცირებული, ხოლო გაყიდვების ზრდამ 2024 წელს მხოლოდ 2.2% შეადგინა, რაც ბოლო წლებთან შედარებით კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შედეგია.

2025 წლის პირველ ცხრა თვეში შედეგი შედარებით გაუმჯობესდა და აღნიშნულ პერიოდში 3.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში შემოსავალმა 65.9 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (€70.96 მლრდ) მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.

მზარდი ხარჯები და სავაჭრო ბარიერები, როგორიცაა აშშ-ის მიერ შვეიცარიულ საქონელზე ბოლო დროს დაწესებული იმპორტის 39%-იანი ტარიფი, Nestlé-ს მოგების მარჟას ამცირებს. ამის მიუხედავად, კომპანია ვარაუდობს, რომ სამუშაო ადგილების შემცირების შედეგად წლიურ დანაზოგს დაახლოებით 1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის და 2027 წლის ბოლოსთვის ხარჯების დაზოგვის მიზნის 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით გაზრდას შეძლებს.

როგორც Quilter Cheviot-ის ანალიტიკოსი კრის ბეკეტი აღნიშნავს, „Nestlé-ს ისტორიულ დონეზე დაბრუნებისთვის მენეჯმენტს დიდი მიზნები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია კვლავ გარდაქმნის პროცესშია.“