ოთხშაბათს, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე, Netflix-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მეოთხე კვარტალში ფინანსური შედეგებით უოლ-სტრიტის მოლოდინს ოდნავ გადააჭარბა. ინვესტორების ნეგატიური რეაქცია ძირითადად დაკავშირებულია კომპანიის პროგნოზთან, რომელიც წელს ფილმებსა და სერიალებზე ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, ასევე Warner Bros.-ის შეძენასთან დაკავშირებულ დამატებით დანახარჯებს ითვალისწინებს.
პრემარკეტ ვაჭრობაში Netflix-ის აქციის ფასი $81.33-მდე შემცირდა, რაც სამშაბათს ბირჟის დახურვისას დაფიქსირებულ შედარებით 6.5%-ზე მეტ ვარდნას გულისხმობს.
კომპანიის ცნობით, მეოთხე კვარტალში შემოსავალი წლიურად 18%-ით გაიზარდა და $12.05 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის $11.97 მილიარდიან პროგნოზს ოდნავ, თუმცა მაინც აჭარბებს. ერთ აქციაზე მოგებამ 56 ცენტი შეადგინა, ანალიტიკოსები კი 55 ცენტს ელოდნენ. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რეკლამაზე დაფუძნებული იაფი პაკეტის წყალობით, სარეკლამო შემოსავალი $1.5 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია.
ამავე პერიოდში, გლობალურად Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა 325 მილიონამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის ბოლოს დაფიქსირებულ 301 მილიონს აღემატება.
თუმცა Netflix-ის მიმდინარე კვარტლის პროგნოზი უოლ-სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა, რადგან კომპანია წელს სატელევიზიო შოუებსა და ფილმებზე დანახარჯების 10%-ით გაზრდას გეგმავს. ამასთან, Netflix-ის განცხადებით, Warner Bros.-ის შეძენასთან დაკავშირებული $83-მილიარდიანი გარიგება მიმდინარე წელს ხარჯებს დამატებით $275 მილიონით გაზრდის.
შედეგების პრეზენტაციისას Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტედ სარანდოსმა, განაცხადა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს Warner Bros.-ის სტრიმინგისა და სტუდიური ბიზნესის შეძენის დასრულებაზე და ის „სტრატეგიულ ამაჩქარებლად“ მოიხსენია.









