Netflix-მა Warner Bros. Discovery-ის სტუდიებისა და სტრიმინგბიზნესის შესაძენად საკუთარ წინადადებას გადახედა და $83-მილიარდიანი გარიგება კომპანიას სრულად ნაღდი ფულით შესთავაზა. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება Paramount Skydance-ის მხრიდან წამოსული აგრესიული შეთავაზების საპასუხოდ მიიღეს.
Netflix-ის განცხადებით, ახალი პირობები WBD-ის აქციონერების მეტად დარწმუნებას უზრუნველყოფს, რადგან ისინი აღარ იქნებიან დამოკიდებული Netflix-ის აქციების ფასის მერყეობაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ განახლებული შეთავაზება გარიგების დაჩქარების საშუალებასაც იძლევა და აქციონერთა კენჭისყრას 2026 წლის აპრილში ელიან.
თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, რომელიც Warner Bros. Discovery-ის საბჭომ უკვე დაამტკიცა, თითოეული აქციონერი WBD-ის თითო აქციაზე $23.25-ს ნაღდ ფულად და დამატებით $4.50-ის ღირებულების Netflix-ის აქციებს მიიღებდა. ახალი პირობების მიხედვით კი, აქციონერები თითო აქციაზე $27.75-ს სრულად ნაღდი ფულის სახით მიიღებენ.
Paramount Skydance-მა Netflix-ის გარიგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში Warner Bros. Discovery-ის შესაძენად აგრესული შეთავაზება გააკეთა და კომპანიას ყველა აქტივის შესყიდვის სანაცვლოდ $108 მილიარდი შესთავაზა. Paramount-ის შეთავაზება WBD-ს $30-ად აფასებდა თითო აქციაზე და სრულად ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას ითვალისწინებდა.
დეკემბრის ბოლოს, WBD-ის საბჭომ მოუწოდა კომპანიის აქციონერებს, უარი ეთქვათ Paramount-ის შეთავაზებაზე და მას Netflix-ის შეთავაზებაზე „დაბალი“ უწოდა. Warner-ის საბჭომ აღნიშნა, რომ წინადადება მოიცავდა 40.65 მილიარდი დოლარის ოდენობის აქციების შეთავაზებას, რომლისთვისაც „ელისონების ოჯახის მხრიდან არანაირი ვალდებულება არ არსებობს“.
საპასუხოდ, Paramount-მა რამდენიმე დღის შემდეგ გადახედული შეთავაზება გამოაქვეყნა, რომელიც ლარი ელისონის, Paramount-ის აღმასრულებელი დირექტორის მილიარდერი მამის, 40 მილიარდი დოლარის „შეუქცევად“ ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავდა. ამის მიუხედავად, Warner-ის ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს აქციონერებს, შეთავაზებაზე უარი ეთქვათ.
თუ Netflix-ის შეთანხმებას აქციონერები დაამტკიცებენ, Warner Bros. Discovery ორ დამოუკიდებელ სუბიექტად გაიყოფა. Netflix-ის მიერ შესაძენი Warner Bros.-ის ერთეული მოიცავს ტელევიზიისა და კინოს სტუდიებს – Warner Bros. Television-ს, Warner Bros. Motion Picture Group-ს, DC Studios-ს – ასევე სტრიმინგპლატფორმა HBO Max-ს. პარალელურად, Discovery Global ცალკე საჯარო კომპანიად ჩამოყალიბდება და მასში სატელევიზიო ქსელები, მათ შორის CNN, TNT და Discovery გაერთიანდება.













