გავრცელებული ინფორმაციით, კონკურენტ Netflix-თან $82.7-მილიარდიანი შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად Paramount Skydance-ი Warner Bros-ს უჩივის. აღნიშნული ნაბიჯით Warner Bros Discovery-ს ცნობილი ჰოლივუდის სტუდიების შესასყიდად დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის.
Paramount-ის მიერ დელავერის სასამართლოში შეტანილი სარჩელი Warner Bros Discovery-საგან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მხარდაჭერილი Netflix-ის შეთავაზების ფინანსური ანალიზის გამჟღავნებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ Warner Bros Discovery-ს შესყიდვისთვის რბოლაში Netflix-ის გარდა Paramount Skydance-იც ჩაერთო და კომპანიას $108.4-მილიარდიანი შეთავაზება გაუკეთა. Paramount-ის აგრესიული სვლა Netflix-ის მიერ მანამდე Warner Bros-ის შესაძენად $82.7-მილიარდიანი შეთავაზების გაჟღერებას უკავშირდებოდა.
Paramount-ის შეთავაზების თანახმად, Warner Bros-ი თითოეულ აქციაზე $30-ს მიიღებდა. კომპანიის წინადადება მოიცავდა დაფინანსებას საინვესტიციო ფირმა Affinity Partners-ისაგან, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი მართავს. გარდა ამისა, დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა რამდენიმე საინვესტიციო ფონდი ახლო აღმოსავლეთიდან და ელისონების ოჯახი.
მიუხედავად ამისა, გასულ კვირას Warner Bros-მა Paramount-ის შეთავაზება დაბლოკა და აქციონერებს ურჩია, რომ მხარი Netflix-ის წინადადებას დაუჭირონ.
Paramount-ისა და Netflix-ის შეთავაზებებს შორის განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ კინო- და სატელევიზიო სტუდიების, HBO-სა და HBO MAX-ის შეძენა სურს. Paramount-ის წინადადება კი კომპანიის სრული აქტივების გადაცემას ითვალისწინებს. Paramount-ი ამტკიცებს, რომ კომპანიის სრულად შესყიდვის ოფცია ამ შეთანხმებისთვის მარეგულირებლების მხრიდან ნებართვის გაცემას გაამარტივებს.














