ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-ის კონკურენტი, Synchron-ი ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი კლინიკური ტესტირებისთვის და ცდებში მონაწილეობისთვის პაციენტების მოსაძებნად ემზადება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, Synchron-ი თავისი მოწყობილობის კომერციული ნებართვის მიღებას გეგმავს.
ონლაინრეგისტრაციის ველი კვლევაში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისთვის ორშაბათიდან გაიხსნება. Synchron-ის ინფორმაციით, ცდების პროცესში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა 120-მდე კლინიკურმა ცენტრმა. საინტერესოა, რომ ნიუ-იორკში დაფუძნებული Synchron-ი ტვინის იმპლანტის ტესტირების პროცესში ბევრად წინ არის, ვიდრე მასკის Neuralink-ი. ორი კომპანიის მიზანია, ტვინის ჩიპების საშუალებით, პარალიზებულ ადამიანთა აზრები კომპიუტერისთვის გასაგებ ბრძანებებად აქციოს.
წინასწარი ტესტირებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობა Synchron-მა 2021 წლის ივლისში მიიღო და თავისი მოწყობილობა ექვს პაციენტზეც გამოცადა. ავსტრალიაში, პირველ ოთხ პაციენტზე ტესტირებისას, არანაირი სერიოზული თანამდევი ეფექტები არ გამოვლენილა. FDA-სგან დამტკიცების მოლოდინში კი კომპანია უფრო ფართო კვლევებისთვის ემზადება. მაისში Synchron-მა სამედიცინო კომპონენტების მწარმოებელ Acquandas-ში წილიც შეისყიდა და სამომავლოდ წარმოების ზრდას გეგმავს.
Synchron-ის კვლევითი სეგმენტი მოიცავს პაციენტებს, რომელთა შემთხვევაშიც სხეულის პარალიზება ამიოტროფულმა სკლეროზმა, ინსულტმა ან გაფანტულმა სკლეროზმა გამოიწვია.