ბრედ სმიტი მესამე ადამიანია, რომელსაც ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის იმპლანტი ჩაუდგა. თუმცა ის ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) მქონე პირველი პაციენტია, რომელზეც აღნიშნული ჩიპი გამოცადეს.
ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ლუ გერიგის დაავადება, პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დარღვევაა. ის ძირითადად აზიანებს მოტორულ ნეირონებს — თავისა ტვინსა და ზურგის ტვინში არსებულ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც კუნთების ნებაყოფლობითი მოძრაობის კონტროლზე არიან პასუხისმგებელნი. დროთა განმავლობაში, პაციენტები ნებაყოფლობით მოძრაობებზე კონტროლს კარგავენ, რაც მეტყველების, კვების, გადაადგილებისა და დამოუკიდებლად სუნთქვის უნარს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
სწორედ ამ დაავადების მატარებელმა ბრედ სმიტმა გასულ კვირას YouTube-ზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც აჩვენებს, როგორ იყენებს Neuralink-ის ტვინის იმპლანტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს მონტაჟი და აუდიოგახმოვანება მან ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) დახმარებით მაუსის კონტროლის გზით შეძლო.
ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს: იმპლანტი, რომელიც 1000-ზე მეტი ელექტროდისგან შედგება, პაციენტის მოტორულ ქერქშია მოთავსებული. სმიტის თქმით, Neuralink-ის მოწყობილობა მის ყველა ფიქრს არ კითხულობს, არამედ ტვინის იმ სიგნალების ინტერპრეტირებას ახდენს, რომლებიც მიუთითებს, თუ როგორ და სად სურს კურსორის გადაადგილება. თავდაპირველად მან სცადა, კურსორის სამართავად ხელის მოძრაობა წარმოედგინა. თუმცა, საბოლოოდ, კურსორის სამართავად და მაუსის ვირტუალურად დაწკაპუნებისთვის ენის მოძრაობასა და ყბის დაჭერაზე ფიქრი უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბრედ სმიტის ვიდეოს გასახმოვანებლად ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული. კერძოდ, მისი ძველი ხმოვანი ჩანაწერების საფუძველზე სმიტის ბუნებრივი ხმის სინთეზირებული ვერსია შეიქმნა.
შეგახსენებთ, Neuralink-მა თავის ტვინის იმპლანტი პირველად ადამიანზე 2024 წლის იანვარში გამოცადა. ცდისპირი 29 წლის ნოლანდ არბო იყო — კვადრიპლეგიის მქონე მამაკაცი. ის დაივინგისას, უბედური შემთხვევის შედეგად, მხრების ქვემოთ პარალიზებული დარჩა. Neuralink-ის ტვინის იმპლანტის გადანერგვის შემდეგ კი, კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარალიზებულმა პაციენტმა ჭადრაკის ონლაინ თამაში ფიქრის საშუალებით შეძლო. არბოს განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენასა და ახალი სოციალური კავშირების დამყარებაში დაეხმარა.
მეორე ცდისპირმა, რომელსაც ასევე ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და იმპლანტი გასულ ზაფხულს ჩაუნერგეს, მოწყობილობის დახმარებით ვიდეოთამაშების თამაში შეძლო და 3-D ობიექტების შესაქმნელად დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესწავლა დაიწყო.
ცნობისთვის, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.