Neuralink-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, სტარტაპმა ტვინის იმპლანტი მეორე პაციენტს წარმატებით ჩაუნერგა. შეგახსენებთ, კომპანიის ტვინის იმპლანტი პარალიზებულ პაციენტებს გონების საშუალებით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. Neuralink-ი ამჟამად აღნიშნული ნეიროქირურგიული ტექნოლოგიის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე მუშაობს.
პირველი პაციენტისთვის იმპლანტირებული მოწყობილობის დახმარებით, პარალიზებულმა ადამიანმა ვიდეოთამაშებით სარგებლობა, ინტერნეტის გამოყენება, სოციალურ მედიაში დაპოსტვა და ლეპტოპის კურსორის გამოძრავება შეძლო.
მეორე პაციენტისა და პროცედურის შესახებ ილონ მასკს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მან მხოლოდ ის ახსენა, რომ მეორე პაციენტს პირველი პაციენტის მსგავსად საავტომობილო ინციდენტში მიღებული ზურგის ტვინის დაზიანება აქვს. ილონ მასკის განცხადებით, მეორე პაციენტის ტვინთან იმპლანტის 400 ელექტროდის ინტეგრირება მოხერხდა. Neuralink-ის ინფორმაციით, იმპლანტს საერთო ჯამში 1,024 ელექტროდი აქვს.
ინფორმაცია იმპლანტის ჩანერგვის თარიღის შესახებ ილონ მასკს არ გაუჟღერებია. მისი განმარტებით, კლინიკური კვლევების ეტაპზე მიმდინარე წლის ბოლომდე იმპლანტის ჩასმა კიდევ რვა პაციენტისათვის იგეგმება.
Neuralink-ის პირველი პაციენტი აღნიშნავს, რომ იმპლანტი ეფექტიანად მუშაობს და ტექნოლოგიამ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. მისი განმარტებით, სასურველი მოქმედების გაფიქრების შემთხვევაში იმპლანტი მის ბრძანებას უპრობლემოდ ასრულებს.