ანალიტიკური კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, 2022 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი Stranger Things-ი გახდა. Netflix-ის ნამუშევარს, რომელიც უკვე ოთხ სეზონს ითვლის, სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლებმა გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 52 მილიარდი წუთი დაუთმეს.
გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტრიმინგი 2021 წელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალი პლატფორმებისა და ორიგინალი კონტენტის დამსახურებაა. Nielsen-ის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს, ამერიკელებმა 19.4 მილიონი წლის ეკვივალენტის ხანგრძლივობის კონტენტს, მათ შორის სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს უყურეს.
აღსანიშნავია, რომ Netflix-მა გასული წლის მესამე კვარტალში, ორიგინალი სატელევიზიო კონტენტის 1,024 ეპიზოდი გამოუშვა და ნებისმიერი სტრიმინგ-პლატფორმისთვის ახალი რეკორდი დაამყარა.
Stranger Things-ის მეოთხე სეზონი სწორედ გასული წლის მაისში გამოვიდა, რაც დაეხმარა Netflix-ის ნამუშევარს პირველობის მოპოვებაში, თუმცა ვერ მოხსნა The Office-ის რეკორდი, რომელსაც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში ჩაკეტილმა მაყურებელმა, 57 მილიარდი წუთი დაუთმო.
Nielsen-ის ანგარიშით, 2022 წლის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო კონტენტის რეიტინგში მეორე ადგილს, 38.1 მილიარდი წუთით კრიმინალური დრამა NCIS-ი იკავებს. სერიალი ეთერში უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც გადის და ჯამში 356 ეპიზოდს აერთიანებს. საბავშვო შოუების ლიდერი კი ანიმაციური სერიალი Cocomelon-ი გახდა, გასულ წელს მაყურებლების მიერ დათმობილი 37.8 მილიარდი წუთით.
საინტერესოა, რომ Nielsen-ის გასული წლის ყველაზე პოპულარული შოუების ათეულში მოხვედრა ფილმმა, Encanto-მ შეძლო, რომელიც 2021 წელს გამოვიდა. Walt Disney Animation Studios-ის ნამუშევარს, Disney+-ზე სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლებმა 27.4 მილიარდი წუთის განმავლობაში უყურეს.
წარმოგიდგენთ, Nielsen-ის მონაცემებით, 2022 წელს სტრიმინგ-პლატფორმებზე ყველაზე პოპულარული კონტენტის ტოპ-ათეულს:
- Stranger Things – 52 მილიარდი წუთი (Netflix)
- NCIS – 38.1 მილიარდი წუთი (Netflix)
- Cocomelon – 37.8 მილიარდი წუთი (Netflix)
- Ozark – 31.3 მილიარდი წუთი (Netflix)
- Encanto – 27.4 მილიარდი წუთი (Disney+)
- Grey’s Anatomy – 26.8 მილიარდი (Netflix)
- Criminal Minds – 24.9 მილიარდი წუთი (სხვადასხვა)
- Bluey – 21.1 მილიარდი წუთი (Disney+)
- Gilmore Girls – 20.8 მილიარდი წუთი (Netflix)
- Seinfeld – 19.3 მილიარდი წუთი (Netflix)