ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატმა, ლიკა კეშელავამ სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში დაიწყო

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატმა, ლიკა კეშელავამ სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში დაიწყო

იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

ბანკის მიერ განხორციელებულ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს შორის გამორჩეულ ადგილს Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია იკავებს.

საქართველოს ბანკის ინიციატივით და MASE-სთან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2019 წელს დაარსდა და უკვე მეექვსე წელია, კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

2021 წელს ლიკა კეშელავა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი გახდა და Miami Ad School Europe-ში სწავლა Art Direction-ის მიმართულებით დაიწყო.

ლიკასთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა კვლავ გრძელდება, რადგან ცოტა ხნის წინ მან სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში დაიწყო. თუ როგორი იყო გზა BBDO-ში სტაჟირებამდე, ამის შესახებ ლიკა გვიამბობს.

ახდენილი ოცნება

“მადლობით დავიწყებ: Miami Ad School-ში სწავლა ჩემი ოცნება იყო და იმ დღეს, როცა გავიგე, რომ სტიპენდია მოვიგე, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაგარი დღეები წინ მელოდა. იმაზე, რომ Miami Ad School ჩვენი სფეროს საუკეთესო სკოლაა, ბევრს არ ვილაპარაკებ. ყველაზე მაგარი მიზანდასახული ადამიანების გაცნობაა. ზოგჯერ მგონია, რომ მათთან ერთად სამყაროს შეცვლაც კი შემიძლია. Like minded world changers — ეს არის საუკეთესო რამ, რასაც იქ სწავლის დროს მიიღებ ადამიანი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჯილდოებს და მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში Creative Art Director-ის პოზიციაზე ძალების მოსინჯვის შანსს თუ არ ჩავთვლით”.

სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში

“სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იმიტომ მინდოდა BBDO-ში სტაჟირება, რომ ბევრი ჩემი მეგობარიც აქ გადიოდა პრაქტიკას. გამოვარჩევდი ლიზა ღლონტსა და ინა ტაბაჩენკოს — სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად ვიმუშავე უკრაინული საბრძოლო დრონის, პერუნის ბრენდინგზე, რომელმაც შემდეგ Ads Of the worlds, New York Times-ის და კიდევ არაერთი საერთაშორისო მედია-გამოცემის ყურადღება მიიქცია. რაც შეეხება BBDO-ს: ჯერ მხოლოდ 1 კვირა გავიდა, რაც სტაჟირება დავიწყე, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს. განსაკუთრებით მომწონს პროექტები, რომლებიც ამ სააგენტოში იქმნება ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Meta, Puma, Porsche. ასევე, თუ როგორი დიდი ყურადღებით ისმენენ ყველა იდეას და მაქსიმალურად გეხმარებიან, შენს შესაძლებლობებს გასაქანი მისცე”.

პრაქტიკული გამოცდილება

“BBDO-მდე იყო 3 სტაჟირება: Antoni, Media Monks, Mediaplus (Serviceplan). თითოეული სააგენტო უნიკალური გამოცდილება იყო. ვცდილობდი, სტაჟირებისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული სააგენტოები შემერჩია, რომ უკეთ დავრწმუნებულიყავი, რომელი მიმართულებით მომწონდა მუშაობა. BBDO იდეებზე ორიენტირებული სააგენტოა — ძალიან ცოცხალი, აქტიური. საკუთარ თავს ასეც მოიხსენიებენ: Big company with a status spirit. დიდი მოლოდინები მაქვს; ვერთვები დიდ პროექტებში; ვთავაზობ ახალ იდეებს; ვეხმარები დიზაინის მიმართულებით სხვადასხვა დავალებებში და, რა თქმა უნდა, დიდ სიამოვნებას ვიღებ ახალ თანამშრომლებთან ურთიერთობით — აზრების გაცვლით და გაზიარებით”.

იდეები და ახალი შესაძლებლობები

“სწორედ ახლა Art Direction-ის მიმართულებით ვორქშოპების შემზადების პროცესში ვარ, ვგეგმავ შაბათ-კვირის ვოქრშოპებს. მინდა, Miami Ad School-სა და დიდ სააგენტოებში მიღებული გამოცდილება გავუზიარო დაინტერესებულ ადამიანებს შესაბამისი ბექგრაუნდით. 3 წელია, დიზაინს ვასწავლი. ასევე, წელს სფოთლაითის საიუბილეო ღონისძიებაზეც ვიყავი მიწვეული და ვორქშოპი იქაც ჩავატარე. ძალიან მომწონს ეს პროცესი და მინდა, საქართველოში ბევრ ადამიანს გავუზიარო ჩემი დაგროვებული ცოდნა. ჯგუფების დაკომპლექტებისთვის შერჩევით პროცესს მალე დავაანონსებ ჩემი სოციალური არხების მეშვეობით. ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით და იდეების ბუღს დავაყენებთ!” S