ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე შეგროვებული მტვერი აუქციონზე გაიყიდება

ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე შეგროვებული მტვერი აუქციონზე გაიყიდება

ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის მიერ 1969 წელს მისია Apollo 11-ის ფარგლებში მთვარეზე შეგროვებული მტვერი შესაძლოა, აპრილში აუქციონზე რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მის შესანარჩუნებლად რამდენიმე წლის წინ სამართლებრივი დავა წააგო.

სააუქციონო სახლი Bonhams-ი მთვარის მტვრის გაყიდვას 800,000-დან 1.2 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად იმედოვნებს. აღსანიშნავია, რომ ჩანთა, რომელშიც ეს ნიმუში იყო მოთავსებული, მასში დარჩენილ მტვრის ნაწილაკებთან ერთად 2017 წელს აუქციონზე 1.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Bonhams-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთვარის მტვრის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო სამეცნიერო ორგანიზაციებს გადაეცემათ. როგორც ცნობილია, აუქციონი 13 აპრილს გაიმართება. იქ ასევე გაიყიდება Sputnik 1-ის ფრაგმენტი. ცნობისთვის, ეს პირველი ხელოვნური თანამგზავრია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს. ისტორიული მისია 1957 წლის 4 ოქტომბერს განხორციელდა.

NASA-მ მთვარის მტვრის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციას არ სურდა, რომ ნიმუში კერძო საკუთრებაში ყოფილიყო. ნენსი ლი კარლსონმა, რომელიც არმსტრონგის მიერ მთვარეზე შეგროვებული მტვრის ამჟამინდელი მფლობელია, ნიმუში ჩანთასთან ერთად, რომელშიც ის იყო მოთავსებული, 2015 წელს აუქციონზე 995 აშშ დოლარად შეიძინა. როდესაც კარლსონმა მასალა შესასწავლად NASA-ს გაუგზავნა, კოსმოსურმა სააგენტომ უარი განაცხადა ის მესაკუთრისთვის დაებრუნებინა. ორგანიზაციამ მაშინ განმარტა, რომ ნიმუში „ამერიკელ ხალხს“ ეკუთვნოდა და საჯაროდ უნდა გამოფენილიყო. კარლსონმა NASA-ს ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის უჩივლა და 2016 წელს სასამართლო დავა მოიგო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *