ნიუ-იორკის ისტორიული არჩევანი: როგორ გახდა ზოჰრან მამდანი ქალაქის პირველი მუსლიმი მერი?

ნიუ-იორკის ისტორიული არჩევანი: როგორ გახდა ზოჰრან მამდანი ქალაქის პირველი მუსლიმი მერი?

დაახლოებით ერთი წლის წინ, მაშინ როდესაც ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის ერთ-ერთმა რიგითმა წევრმა, ზოჰრან მამდანიმ აშშ-ის უდიდესი ქალაქის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, მის შესახებ ფაქტობრივად არავინ არაფერი იცოდა. შესაბამისად, არჩევნებში მამდანის გამარჯვების შანსებიც ძალიან დაბალი ჩანდა. თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სწორი წინასაარჩევნო კამპანიითა და სოციალური ქსელით მოპოვებული ცნობადობით, მამდანიმ ჯერ ივნისში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი წარმატებით დაძლია და რამდენიმე თვეში ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერიც გახდა.

მერის არჩევნები ქალაქ ნიუ-იორკში 4 ნოემბერს ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, რომელთა ხმების 50.4% დემოკრატთა კანდიდატმა, ზოჰრან მამდანიმ მოიპოვა. მამდანის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას რესპუბლიკელთა რიგებიდან კერტის სილვა იღებდა, რომელიც საბოლოოდ 7.1%-იანი მხარდაჭერით მესამე ადგილზე გავიდა. ხოლო ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, ხმათა 41.6%-ით მეორე ადგილს დასჯერდა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი დემოკრატთა პრაიმერიზში მამდანისთან დამარცხდა, რის შემდეგაც არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა.

34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელსაც მხარდამჭერები „მუშათა კლასის გმირად“ მოიხსენიებენ, საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს. მან თავისი წინასაარჩევნო კამპანიაც სწორედ სოციალური საკითხების გადაჭრასა და დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელების მოთხოვნებს მოარგო. შედეგად, იმის გარდა, რომ მამდანი ნიუ-ირკის პირველი მუსლიმი მერი გახდა, ის 1892 წლის შემდეგ ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა და ასევე ნიუ-იორკისთვის პირველი, აფრიკაში დაბადებული მერია.

უგანდაში დაბადებული მამდანი შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მამდანიმ აფრიკული კვლევების მიმართულებით ხარისხი ბოუდინ-კოლეჯში დაიცვა, სადაც მოძრაობა „სამართლიანობა პალესტინისთვის“ თანადამფუძნებელიც იყო. ამერიკის მოქალაქეობა მამდანიმ ოფიციალურად 2018 წელს მიიღო. პოლიტიკაში მოსვლამდე ის კონსულტანტად მუშაობდა და ქუინსში მცხოვრებ ოჯახებს იპოთეკური სესხის საკითხებსა და გამოსახლების თავიდან აცილებაში ეხმარებოდა. ასევე იყო რეპერი, სასცენო სახელებით Young Cardamom-ი და Mr. Cardamom-ი.

მამდანი ნიუ-იორკის შტატის ასამბლეაში 36-ე ოლქის (დასავლეთი ქუინსი) წარმომადგენლად პირველად 2020 წელს აირჩიეს. მამდანის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი ოლქის რედისტრიქცია განხორციელდა: კერძოდ, 2022 წელს ოლქის საზღვრების დაახლოებით 45% შეიცვალა. ასამბლეაში ყოფნის დროს, მამდანი ყურადღებას საცხოვრებლების ხელმისაწვდომობასა და მოიჯარეების უფლებებზე ამახვილებდა. შემდგომში უკვე ეს პლატფორმა მან მერობის არჩევნებისთვის საკუთარი კამპანიის დასაწყებად გამოიყენა.

ზოჰრან მამდანიმ ქალაქ ნიუ-იორკის მერობაზე თავისი კანდიდატურა ოფიციალურად 2024 წლის ოქტომბერში წამოაყენა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი აქტიური სოციალური კამპანიაც.

2024 წლის 23 ოქტომბერს მამდანიმ სოციალურ ქსელებსა და YouTube-ზე თავისი პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოკლედ თავისი წინასაარჩევნო გეგმა მიმოიხილა და პარალელურად ოპონენტებიც გააკრიტიკა. მათ შორის იმ დროისთვის მოქმედი მერი ერიკ ადამსი, რომლის წინააღმდეგ არსებული კორუფციის ბრალდებები მოიხსენია, როგორც დასტური იმისა, რომ ნიუ-იორკს „სუფთა ლიდერობა“ სჭირდებოდა. ხოლო ყოფილ გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს „ძველი სკოლის პოლიტიკის“ წარმომადგენელი უწოდა და განაცხადა, რომ ორივე მათგანი, როგორც ადამსი, ასევე კუომო, კორპორაციებისა და მესაკუთრეთა უფლებებს ემსახურებოდნენ და არა ნიუიორკელების.

ვიდეოს მსვლელობისას, მამდანიმ თავისი კამპანიის სამი მთავარი პოლიტიკური შეთავაზებაც გააჟღერა: სწრაფი და უფასო ავტობუსები, ბავშვთა უფასო ჯანდაცვა და მცხოვრებლებისთვის ქირის ფასების გაყინვა. რამდენიმე დღეში კი მამდანიმ ნიუ-იორკის მარათონში მონაწილეობის ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მას შავი მაისური ეცვა წარწერით: „ერიკ ადამსმა ჩემი ქირა გაზარდა!“

მომავალი მერის საარჩევნო კამპანიის პირველი ვირუსული მომენტი პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადით არჩევას უკავშირდება. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მამდანიმ ნიუ-იორკის რამდენიმე რაიონში, სადაც წარსულთან შედარებით ტრამპის მხარდაჭერის შედარებით მაღალი შედეგები დაფიქსირდა, მოსახლეობა გამოჰკითხა და მათი არჩევანის უკან არსებული პრობლემები წამოჭრა. მარტივი კითხვებით მიღებული პასუხები შემდგომში მისი საარჩევნო კამპანიის მთავარ აქცენტადაც იქცა.

შედეგად, ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობმა კანდიდატმა, 2024 წლის ოქტომბრიდან იანვრის პერიოდამდე კამპანიისთვის $642,000-ზე მეტის მოზიდვა შეძლო – მერობის სხვა ნებისმიერ კანდიდატზე მეტის. თებერვლის თვეში კი ნიუ-იორკის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საბჭომ მის კამპანიას საჯარო სახსრებიდან 2.82 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. მხოლოდ მარტის თვეში, როდესაც ტრამპის სასაზღვრო პოლიტიკის ხელმძღვანელის თომას ჰომანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა, საიდანაც მისი და სამართალდამცველების დაპირისპირების ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, მამდანის კამპანიას 24 საათში $250,000 შეემატა.

ამერიკის დემოკრატი სოციალისტების დახმარებით, მამდანიმ მოხალისეთა უზარმაზარი ქსელი შექმნა. მისი ვიდეოები რიგით ნიუიორკელებს უკავშირდებოდა, რომლებიც ეხებოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკვების მაღალი ფასები (halalflation – ჰალალი) და საცხოვრებელი. 2025 წლის 24 მარტს მამდანი მერობის პირველი კანდიდატი გახდა, რომელმაც ქალაქის მიერ დადგენილ სახსრების მოზიდვის ლიმიტს მიაღწია, რაზეც ვიდეო გამოაქვეყნა და ხუმრობით მხარდამჭერებს „თანხის გაგზავნის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

აპრილში მამდანიმ თავისი პირველი სატელევიზიო რეკლამა პირდაპირ New York Knicks-ის პლეი-ოფის თამაშის ტრანსლაციისას გაუშვა. 2025 წლის ივნისში მამდანიმ ასევე მაღალი რანგის მხარდაჭერა მიიღო ალექსანდრია ოკასიო-კორტესისგან და ბერნი სანდერსისგან. მათმა მხარდაჭერამ მის კამპანიას საჭირო იმპულსი და სანდოობა მოუტანა.

პრაიმერიზში ბევრად უფრო გამოცდილ, პოლიტიკურად მძიმეწონოსან და გავლენიან კუომოსთან დაპირისპირების მიუხედავადაც, მაღალი მხარდაჭერით მამდანი დემოკრატთა კანდიდატი გახდა, ხოლო ყოფილი გუბერნატორი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. თუმცა პრაიმერიზის პერიოდს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. მათ შორის, მერობის კანდიდატი პოლიციისა და ისრაელის შესახებ წარსული კომენტარების გამო თავდასხმების მსხვერპლი გახდა და ივნისის შუა რიცხვებში აფეთქებასთან დაკავშირებით მუქარის წერილებიც მიიღო.

წინასაარჩევნო პერიოდში მამდანის ცნობადობა განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლებში კიდევ უფრო მეტად სოციალური ქსელების მეშვეობით გაიზარდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მამდანის მოწოდებების, გამოსვლებისა და ხუმრობების გამოყენებით სოციალური კონტენტის, მათ შორის ვიდეოებისა და „მიმების“ შექმნა და ვირუსული გავრცელება დაიწყეს. შედეგად ის ჩვეულებრივი პოლიტიკოსიდან ინფლუენსერად იქცა, მზარდი მხარდამჭერთა გუნდით.

რაც ასევე ძალიან საინტერესოა და ამავდროულად მამდანის კამპანიასაც უნიკალურს ხდიდა არის ის, რომ მერობის კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიისას AI-ის გენერირებული კონტენტი არ გამოუყენებია. ამის ნაცვლად, მამდანის გუნდი ფოკუსირებული იყო რეალურ, ავთენტურ ვიდეოებსა და შეტყობინებებზე.

დემოკრატიული პრაიმერიზის გამარჯვების შემდეგ, ზოჰრან მამდანი ახლა უკვე ცენტრისტების სკეპტიციზმის სამიზნედ იქცა. თუმცა აქტიური შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით, მან გუბერნატორ კეტი ჰოუკალისა და ასამბლეის სპიკერის კარლ ჰისტის მხარდაჭერა მოიპოვა. ამასთან ერთად, მერობის კანდიდატი მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ნიუ-იორკისა და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მდიდარი ფენისგან აწყდებოდა. ამას მამდანის განცხადებებიც ამძაფრებდა, რომელიც არსებული უთანასწორობის ფონზე, „მილიარდერების საჭიროებას ვერ ხედავდა“.

რეალურად, Forbes-ის შეფასებით, მამდანის წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ ორი მილიარდერი შემწირველი ჰყავდა. ესენი იყვნენ ფილანთროპი ელიზაბეტ საიმონსი, რომელმაც $250,000 გაიღო და ამერიკელი ანტრეპრენიორი ტომ პრესტონ-ვერნერი, რომელმაც New Yorkers for Lower Cost-ისთვის $20,000 გაიღო.

თუმცა ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რაც სხვა მილიარდერებმა საარჩევნო მარათონში მამდანის დასამარცხებლად გამოყვეს. Forbes-ის აღრიცხვით, სულ მცირე 26-მა მილიარდერმა, ახლა უკვე არჩეული მერის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისთვის ან/და მისი ოპონენტებისთვის მილიონობით დოლარი დახარჯეს. უმსხვილეს დონორებს შორის იყვნენ მაიკლ ბლუმბერგი და ბილ აკმანი. ამ თანხების გათვალისწინებით, საინტერესოა თავად მამდანის ქონებაც. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ნიუ-იორკის ასამბლეის წევრობისას მისი წლიური ანაზღაურება საშუალოდ $142,000-ს შეადგენდა, საჯარო დოკუმენტების თანახმად კი მის საკუთრებაში მხოლოდ უგანდაში 1.5 ჰექტარი მიწაა, რომელიც $150-200,000-ად ფასდება.

არსებული წინააღმდეგობებისა და დაპირისპირებების მიუხედავადაც, მამდანიმ 4 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. აქვე, როდესაც მამდანის არჩევნებში გამარჯვების მიზეზებს მიმოვიხილავთ, უნდა აღინიშნოს ნიუ-იორკის, როგორც „ლურჯი შტატის“ ფაქტორი. მათ შორის, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მიუხედავადაც, ნიუ-იორკი იმ 19 შტატიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ხმა დემოკრატთა კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუჭირა. მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში კამალამ ხმების 68% მიიღო. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს ნიუ-იორკის შტატში 1984 წელს, რონალდ რეიგანის შემდეგ არ გაუმარჯვია.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთი პირველი დაპირება, რაც მამდანიმ გასცა, 2030 წლისთვის, ნიუიორკელებისთვის მინიმალური ხელფასის – საათში $30-მდე ზრდას შეეხებოდა. ამ დაპირებას რიგი ანალიტიკოსების შეშფოთება უკვე მოჰყვა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მამდანის გეგმა ბიზნესებს, განსაკუთრებით კი მცირე საწარმოებს, მძიმედ დააწვება.

აშშ-ის უდიდესი ქალაქის მერად პირველი მუსლიმი კანდიდატის არჩევის შემდეგ არ დააყოვნა ტრამპის კრიტიკამაც. პრეზიდენტმა, რომელიც მამდანის „კომუნისტს“ უწოდებს, ნიუ-იორკის ახალ მერს „ვაშინგტონის პატივისცემისკენ“ მოუწოდა: „მან ვაშინგტონის მიმართ მცირედი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წარმატების შანსი არა აქვს. მე კი მსურს, რომ ქალაქი წარმატებული იყოს“. თავის მხრივ, ტრამპთან მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა მამდანიმ.

თუმცა ორი პოლიტიკური ფიგურის შეხედულებები რიგ საკითხებზე არ ემთხვევა. მათ შორის ისრაელზე, რადგან მამდანი პალესტინის აქტიური მხარდამჭერია. ამან შესაძლოა მერს ქალაქის მმართველობაშიც პრობლემები შეუქმნას, რადგან თელ-ავივის გარეთ ყველაზე დიდი ებრაული დიასპორა სწორედ ნიუ-იორკშია. ნიუ-იორკში დაახლოებით 7.4 მილიონი ებრაელი ცხოვრობს.

ამ ყველაფრის ფონზე, პირველ იანვარს, ზოჰრან მამდანი ქალაქ ნიუ-იორკის მერის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს. როგორც გამოცემები წერენ, მამდანის, რომელსაც ფაქტობრივად პოლიტიკური წარსული და რეპუტაცია თითქმის არ გააჩნია, შანსი აქვს თავისი ქარიზმატულობითა და ახლა უკვე ახალგაზრდებში მაღალი ცნობადობით, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს.