ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალთან საბრძოლველად რობოტ ძაღლებს გამოიყენებს

ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალთან საბრძოლველად რობოტ ძაღლებს გამოიყენებს

სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის პოლიცია (NYPD) რობოტ ძაღლებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის პოლიცია “ციფრულ ძაღლებს” დამნაშავეების მიერ მოქალაქეების მძევლად აყვანის შემთხვევებში და დაზვერვისთვის გამოიყენებს. ამასთან, ნიუ-იორკის პოლიცია K5-ის ტიპის რობოტის გამოყენებასაც გეგმავს.

საინტერესოა, რომ რობოტების პროგრამა NYPD-მ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, მაგრამ მალევე გააუქმა, რადგან ეს ნაბიჯი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პოლიციის მილიტარიზაციად ჩათვალეს. ამავე პათოსის კრიტიკა, ცხადია, ერიკ ადამსის ბოლოდროინდელ განცხადებასაც მოყვა, რომელსაც თავად ნიუ-იორკის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, პოლიციაში რობოტების გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც, თავის დროზე, თითების ანაბეჭდების აღების ტექნოლოგია იყო.

“თუ პროგრესი და ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნოლოგიის გამოყენება არ გვინდა, ბოროტმოქმედებს ვერ ავუვალთ”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

K5-ის ტიპის რობოტს ნიუ-იორკის პოლიცია ტაიმზ-სკვერში, ამ ზაფხულს გამოიყენებს. ამერიკული Knightscope-ის მიერ დამზადებული რობოტი, რომელიც ვიზუალურად Star Wars-ის რობოტს, R2-D2-ს წააგავს, ავტონომიური და ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია: მას კამერა, რამდენიმე მიკროფონი, დინამიკები და თერმული სენსორები აქვს. როგორც ნიუ-იორკის პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯეფრი მედრიმ განაცხადა, ეს რობოტები პოლიციას სიტუაციურ აღქმას გაუზრდიან და დაზვერვაში დაეხმარებიან, მაგრამ სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოყენებული არ იქნება.

ნიუ-იორკის პოლიციისთვის რობოტ ძაღლებს ამერიკული Boston Dynamics-ი დაამზადებს და მათ მართვას პოლიციელები დისტანციურად შეძლებენ. K5-ის ტიპის რობოტისგან განსხვავებით, რობოტი ძაღლები მეტად მოქნილები არიან, რადგან მათ ოთხი ფეხი აქვთ და შესაბამისად, კიბეებზე ასვლა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვა შეუძლიათ. ამ თვისებების გამო, ნიუ-იორკის პოლიცია რობოტ ძაღლებს სხვადასხვა ადგილების დასაზვერად და ჩახერგილი ობიექტების მოსანახულებლად გამოიყენებს.

ნიუ-იორკის მერის პრესსპიკერის განცხადებით, ქალაქის პოლიცია რობოტების ქირაობას გეგმავს, რისთვისაც უწყებას $750-ათასიანი ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი, რომელიც, სხვათა შორის, დამნაშავეებისგან ამოღებული თანხებით არის შევსებული. K5-ის ტიპის რობოტს ნიუ-იორკის პოლიცია ექვსი თვით, საათში $9-ად იქირავებს. რამდენი დაუჯდება ნიუ-იორკის პოლიციას Boston Dynamics-ის რობოტების ქირაობა, ამ ეტაპზე, უცნობია.