ნიუ-იორკის სენატმა ბიტკოინის მაინინგის ამკრძალავი კანონი დაამტკიცა

ნიუ-იორკის სენატმა ბიტკოინის მაინინგის ამკრძალავი კანონი დაამტკიცა

ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის მაინინგის მინიმუმ ორი წლით აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის შტატის გუბერნატორის მიერ ოფიციალურად იქნება დამტკიცებული.

საგულისხმოა, რომ შეზღუდვა მხოლოდ იმ მაინინგ ცენტრებზე ვრცელდება, რომლებიც არაგანახლებადი წყაროებიდან მოპოვებულ ელექტროენერგიას იყენებენ.

კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებს, რომელთაც ნიუ-იორკში მაინინგ-ოპერაციის გაგრძელება სურთ, ენერგიის 100%-ით განახლებადი წყაროების გამოყენება მოუწევთ და ამის შესახებ სპეციალური დოკუმენტაციის მომზადება დაევალებათ.

ექსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ.

რაც შეეხება რეალურ გავლენას ინდუსტრიაზე, ნიუ-იორკში არც ისე ბევრი მაინერია, რაც მაღალი გადასახადებითა და კომერციული ხარჯებითაა განპირობებული, შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მაინინგის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ნიუ-იორკი არც აქამდე იყო მაინინგ კომპანიებისათვის მიმზიდველი და საინტერესო.