ნობელის მშვიდობის პრემია მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

ნობელის მშვიდობის პრემია მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ნობელის მშვიდობის პრემიის 2025 წლის ლაურეატი დაასახელა. ჯილდო ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს გადაეცა, „ვენესუელელთა დემოკრატიული უფლებების დაცვის საქმეში დაუღალავი შრომისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გზით გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის“.

„ნობელის მშვიდობის პრემია 2025 წელს გადაეცა მშვიდობის მამაც და ერთგულ დამცველს – ქალს, რომელიც მზარდი სიბნელის პირობებში დემოკრატიის ალს ინარჩუნებს. როგორც ვენესუელის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო წარმოადგენს სამოქალაქო სიმამაცის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითს თანამედროვე ლათინურ ამერიკაში“, – ვკითხულობთ ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მაჩადო ერთ-ერთ მთავარ და გამაერთიანებელ ფიგურად იქცა ოპოზიციაში, რომელიც ოდესღაც გაყოფილი იყო — ოპოზიციაში, რომელმაც საერთო ენა გამონახა თავისუფალი არჩევნებისა და წარმომადგენლობითი მმართველობის მოთხოვნაში.

შეგახსენებთ, აღნიშნული პრემია 2024 წელს Nihon Hidankyo-ს სახელით ცნობილ იაპონურ ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქებისას გადარჩენილებისგან შედგება. Nihon Hidankyo-მ ჯილდო დაიმსახურა „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მიღწევის მცდელობისთვის და მოწმეების ჩვენებით იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს უნდა იქნას გამოყენებული“.

ნობელის მშვიდობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 106 ჯილდოა გაცემული, აქედან 28 სხვადასხვა ორგანიზაციამ დაიმსახურა.