საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 298.39 მილიონი აშშ დოლარი (807.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 135.79 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 45.51%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 14.23% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ნოემბერში ფულადი გზავნილებით კვლავ აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 57.84 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 15.55%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 50.31 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 11.42%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 38.49 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 29.32%-იანი ზრდა აღინიშნა.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მილიონი აშშ დოლარი (99.6 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3%-ით მეტია.











