ნორვეგიის $2-ტრილიონიანმა, მსოფლიოში უდიდესმა სიმდიდრის ფონდმა განაცხადა, რომ ისრაელში დაფუძნებული 11 კომპანიის აქციები გაყიდა. ფონდის თქმით, ეს ნაბიჯი ღაზაში „სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის“ ფონზე გადადგა.
ფონდის მენეჯმენტმა, რომელიც ნორვეგიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მიღებული მოგების ინვესტირებას ახდენს, განცხადებაში აღნიშნა, რომ 2025 წლის პირველი ნახევრის ბოლოს ის წილს ისრაელში დაფუძნებულ 61 კომპანიაში ფლობდა. ფონდს არ გაუსაჯაროებია იმ ფირმების სახელები, რომლებშიც საკუთარი წილი გაასხვისა.
„ეს ზომები საგანგებო გარემოებების საპასუხოდ იქნა მიღებული. ღაზაში არსებული ვითარება სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოადგენს“, – განაცხადა ნიკოლაი ტანგენმა, Norges Bank Investment Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ე.წ. ნავთობის ფონდს მართავს.
ტანგენმა დასძინა, რომ ფონდი აღნიშნულ ბაზარს კიდევ უფრო აქტიურად დააკვირდება და მსგავსი ზომების მიღებას მომავალშიც გააგრძელებს. ეს ნაბიჯი „ამ ბაზარზე ჩვენი ინვესტიციების მართვას გაამარტივებს“ და შეამცირებს იმ კომპანიების რაოდენობას, რომლებსაც ფონდის ეთიკის საბჭო აკონტროლებს.
ფონდის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის კომპანიებში ინვესტიციების მონიტორინგი გასულ შემოდგომაზე გააძლიერა და შედეგად თავისი წილები უკვე „რამდენიმე“ ფირმაში გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ფონდმა რუსულ კომპანიებში თავისი წილები გაყინა და გაყიდა.