პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) უიმბლდონის ტურნირის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაამარცხა, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ახალი რეიტინგის მიხედვით, ჯოკოვიჩი მე-3-დან მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო რუსმა დანიილ მედვედევმა ლიდერობა შეინარჩუნა.
35 წლის სერბმა ATP-ის რეიტინგის ლიდერობა პირველად 2011 წელს მოიპოვა, ხოლო ჩამონათვალს სათავეში ბოლოს 2021 წელს მოექცა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი „უიმბლდონი“ ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებული 21-ე „დიდი სლემის“ ტურნირია.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში რუსი ჩოგბურთელების გასწვრივ შეუვსებელია გრაფა, რომელშიც უნდა ეწეროს, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენენ სპორტსმენები. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუს ჩოგბურთელებს ტურნირების ნაწილში თამაში აეკრძალათ, ნაწილში კი – საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა.
წარმოგიდგენთ ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულს, ასევე მასში შემავალი ჩოგბურთელების მიერ კარიერის განმავლობაში მოგებულ საპრიზო თანხას:
- დანიილ მედვედევი (-) – 7775 ქულა / $24,1 მილიონი
- ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 6850 ქულა / $32,4 მილიონი
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 6165 ქულა / $131,3 მილიონი
- სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 5150 ქულა/ $19,8 მილიონი
- კასპერ რუდი (ნორვეგია) – 5050 ქულა / $7,7 მილიონი
- კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 4845 ქულა / $6 მილიონი
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 4770 ქულა / $159 მილიონი
- ანდრეი რუბლევი (-) – 3700 ქულა / $12 მილიონი
- ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) – 3445 ქულა / $7,4 მილიონი
- იანიკ სინერი (იტალია) – 3185 ქულა / $5,6 მილიონი
შენიშვნა: საპრიზო თანხა დაანგარიშებულია როგორც ერთეულთა თანრიგის, ისე წყვილთა შორის შეჯიბრებების მონაცემთა მიხედვით.