ფოტო: Adobe images
დანიური ფარმაცევტული გიგანტის, Novo Nordisk-ის აქციების ფასი 16%-ზე მეტით დაეცა, რის შედეგადაც პრაქტიკულად განულდა ის მოგება, რომელიც კომპანიამ წონის დასაკლები პრეპარატის, Wegovy-ის წარმატების შემდეგ დააგროვა.
კომპანიის განცხადებით, მისი სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი CagriSema კლინიკურ შედეგებში კონკურენტი Eli Lilly-ის ანალოგიურ პროდუქტს ჩამორჩა. ინვესტორების ნეგატიურმა რეაქციამ კი აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
Novo Nordisk-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2024 წელს 650 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, თუმცა მას შემდეგ კომპანიამ დაახლოებით 475 მილიარდი დოლარის ღირებულება დაკარგა. აქციების ფასი ახლა იმ ნიშნულს დაუბრუნდა, სადაც 2021 წლის ივნისში იყო, სწორედ მაშინ, როდესაც Wegovy ბაზარზე პირველად გამოჩნდა და კომპანიას გაყიდვებისა და კაპიტალიზაციის ბუმი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ Wegovy-ს წარმატებამ არა მხოლოდ კომპანია აქცია ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ ფარმაცევტულ მწარმოებლად, არამედ დადებითი გავლენა მოახდინა დანიის ეკონომიკაზეც.
Novo Nordisk-ის აქციების ფასის მკვეთრი კლების პარალელურად, Eli Lilly-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 4%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, Novo Nordisk-ის საბაზრო ღირებულება $175.71 მილიარდს შეადგენს, Eli Lilly-ის კი – $988.75 მილიარდს.









