ახალგაზრდა, ენერგიული, ექსტრავაგანტური პეგი გუგენჰაიმისთვის მისი სათაყვანებელი იტალიური აღორძინების შედევრები ხელმიუწვდომელი იყო, ამიტომ მანახალი კულტურული ტერიტორიები აითვისა.
რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელიც ხელოვანი არ არის, რომ მისი სახელი სამუდამოდ დარჩეს ხელოვნების სფეროს ანალებში? ნიუ–იორკის ერთ–ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი, სოლომონ გუგენჰაიმის ძმისშვილი – პეგი გუგენჰაიმი – XX საუკუნის თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერი, მეცენატი და გალერისტი, როგორც ამბობენ, თავიდან განსაკუთრებული მხატვრული ალღოთი არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავის მრჩეველთან – მარსელ დიუშანთან, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ხვეწდა პეგის გემოვნებას, და მეუღლესთან – მაქს ერნსტთან გავლილი შტუდირების შედეგად უმდიდრესი კოლექციები შექმნა, რომლებიც ნიუ– იორკში სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმსა და ამავე სახელწოდების ბილბაოსა და ლას–ვეგასის მუზეუმებშია გამოფენილი. მაგრამ პეგის მთავარი დანატოვარი მაინც ვენეციაში, XVIII საუკუნის პალაცო ვენიერ დეი ლეონეში მდებარე მისივე სახელობის მუზეუმია, რომელშიც თავმოყრილია პიკასოს, მონდრიანის, კანდინსკის, კლეეს, ერნსტის, მაგრიტის, დალის, პოლოკის შედევრები.
ქალმა, რომლის გარეშეც პარიზისა და ნიუ–იორკის ბოჰემური ცხოვრება წარმოუდგენელი იყო, სიცოცხლის ბოლო 30 წელი ვენეციაში გაატარა. მან თავისი სახლი და უძვირფასესი კოლექცია არა თავის შვილებს (სინდბადსა და პიჯინს), არამედ მთლიანად გუგენჰაიმის ფონდს უანდერძა. პეგი გუგენჰაიმი 1979 წელს პადუაში გარდაიცვალა. ის გახლდათ ბოლო ადამიანი, რომელსაც ვენეციის ხელისუფლებამ უფლება მისცა, საკუთარი გონდოლა ჰქონოდა.