Nvidia  და Foxconn-ი ტაივანში სუპერკომპიუტერისთვის AI-ქარხანას ააშენებენ

Nvidia  და Foxconn-ი ტაივანში სუპერკომპიუტერისთვის AI-ქარხანას ააშენებენ

ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი Nvidia და ელექტრონიკის ადგილობრივი გიგანტი Foxconn-ი ტაივანის მთავრობასთან AI-ქარხნის ასაშენებლად ითანამშრომლებენ. ახალ ობიექტზე კომპანიები სუპერკომპიუტერის განვითარებაზე იმუშავებენ.

ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის შესაქმნელად, Nvidia ქარხანას 10,000 Blackwell GPU-თი – გენერაციული AI-სთვის მოწინავე ჩიპებით მოამარაგებს. რაც შეეხება Foxconn-ს, ის თავისი შვილობილი კომპანიის, Big Innovation Company-ის მეშვეობით, ქარხანას AI-ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.  ქარხანაში შემუშავებული სუპერკომპიუტერი „მნიშვნელოვნად გააფართოებს AI-გამოთვლების ხელმისაწვდომობას“ ადგილობრივი მკვლევრებისა და კომპანიებისთვის, მათ შორის TSMC-ისთვის.

„ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი ინდუსტრიული რევოლუცია გამოიწვია – მეცნიერება და ინდუსტრია ტრანსფორმირდება“, – განაცხადა Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა და დასძინა, რომ ისინი მოხარულები არიან თანამშრომლობით, რომელიც ტაივანს AI-ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ადგილობრივ კომპანიებს კი რობოტიკისა და AI-ის მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

ცნობისთვის, AI-სუპერკომპიუტერები სპეციალიზებული აპარატურის, მათ შორის გრაფიკული პროცესორებისა და TPU-ების დახმარებით მუშაობს. ეს კომპიუტერს ერთდროულად დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისა და დიდი მოცულობის გამოთვლების შესრულებაში ეხმარება. ამის მაგალითია Hewlett Packard Enterprise-ის (HPE) Frontier-სუპერკომპიუტერი, რომელიც წამში კვინტილიონ (1,000,000,000,000,000,000) გამოთვლას ასრულებს.