ჩიპების მწარმოებელი Nvidia-მ კონკურენტ კომპანია Intel-ში $5 მილიარდის ღირებულების აქციების შეძენის შესახებ განაცხადა. შეთანხმების დასრულების შემდეგ, Nvidia და Intel-ი, ერთობლივი ძალისხმევით, მონაცემთა ცენტრებისა და ახალი ჩიპების განვითარებაზე იმუშავებენ.
Nvidia-ს განცხადებით, გარიგების ფარგლებში, კომპანიის მოწინავე კომპიუტერული და AI-ჩიპები Intel-ის x86 CPU-ის არქიტექტურაში ინტეგრირდება. ეს უკანასკნელი, მთელ მსოფლიოში წარმოდგენილ, დესკტოპების, სერვერებისა და ლეპტოპების უმეტესობაში გამოიყენება. შეთანხმების პირობებით, Intel-ი, სტანდარტული კომპიუტერებისთვის, x86 CPU-ის პროცესორებისა და Nvidia-ს RTX GPU-ს გაერთიანებით, ახალ სამომხმარებლო ჩიპებსაც შექმნის.
პარალელურად, Intel-ი მონაცემთა ცენტრებისთვის x86 CPU-ის ახალი ვერსიაზე მუშაობს. Intel-ის ახალ პროცესორებს Nvidia საკუთარ კომერციულ AI-მოწყობილობებში გამოიყენებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უახლესი გარიგების ფარგლებში, Nvidia კონკურენტ კომპანიაში დაახლოებით $5 მილიარდის ღირებულების აქციებს შეიძენს – ერთ აქციაზე $23.28-ის შეფასებით. შედეგად, ხელშეკრულების პირობებით, Intel-ში Nvidia-ს წილი 4% იქნება. საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ, Intel-ში $10 მილიარდის ღირებულების, 10%-იანი წილის შეძენის შესახებ განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციამაც. თუმცა Nvidia-ს CEO-ს, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, ამ ორ გარიგებას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.
ხუთშაბათს, Nvidia-სა და Intel-ის პარტნიორობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, Nasdaq-ის ინდექსი 1.2%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო S&P 500 და Dow Jones-ის ინდექსები, შესაბამისად, 0.7%-ით და 0.5%-ით გაიზარდა.
ხუთშაბათს შუადღისთვის 3.7%-ით გაიზარდა Nvidia-ს აქციების ფასიც, ხოლო Intel-ის აქციების ღირებულების მატებამ, 1987 წლის ოქტომბრის შემდეგ, რეკორდული დღიური ზრდა, 29% აჩვენა.