Nvidia-მ რეკორდული კვარტალური შემოსავალი მიიღო

Nvidia-მ რეკორდული კვარტალური შემოსავალი მიიღო

ნახევარგამტარების ამერიკულმა მწარმოებელმა Nvidia-მ გასულ თვეში დასრულებული კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა, გასულ კვარტალში, რეკორდული შემოსავალი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის რეგულაციებმა კომპანიის ჩინეთთან ურთიერთობაზეც იქონია გავლენა.

FactSet-ის მონაცემებით, 27 აპრილს დასრულებულ სამთვიან პერიოდში, Nvidia-ს შემოსავალმა $44.1 მილიარდს მიაღწია. შედეგად, კომპანიამ გააუმჯობესა Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზი, რომლებიც $43.3 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ. კომპანიის მიერ ერთ აქციაზე მიღებულმა შემოსავალმა $0.83-ს, ხოლო მოგებამ $19.9 მილიარდს მიაღწია – ნავარაუდები $0.73-ისა და $18.3 მილიარდის ნაცვლად.

არსებული მონაცემებით, წლიურ ჭრილში, კომპანიის კვარტალური შემოსავლების ზრდა 69%-ს აღწევს. ამავდროულად კი აუმჯობესებს გასული კვარტლის რეკორდს, როდესაც Nvidia-მ $39.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო. პროგნოზირებადზე მაღალი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ერთ აქციაზე Nvidia-ს ღირებულება 3%-ით გაიზარდა და $138-ს მიაღწია.

თუმცა, გლობალურად გენერაციული AI-ის ზრდის მიუხედავად, კომპანია ზრდის შენელებას განაგრძობს. ამის მიზეზი აშშ-ის რეგულაციებია, რომელმაც Nvidia-ს H20-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა შეუზღუდა. ჩინეთი Nvidia-ს ჩიპებისთვის დაახლოებით 50 მილიარდ დოლარად შეფასებული ბაზარია, რაც კომპანიისთვის დიდი დანაკარგია. აკრძალვის შემდეგ, კომპანია ამ კვარტალში დაახლოებით $4.5 მილიარდის ზარალის, ხოლო ზაფხულის პერიოდში, გაყიდვებში $8-მილიარდიან ვარდნას ვარაუდობს.