ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით Microsoft-ს გადაასწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. უახლესი მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3.335 ტრილიონს აღწევს, Microsoft-ის შემთხვევაში კი $3.317 ტრილიონს უტოლდება.
Nvidia-ს ზრდაზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, დადებითად ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების ბუმი აისახა. ჩიპების მწარმოებელმა წელი $1.2 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციით დაიწყო, რაც იმ დროისთვის Microsoft-ისა და Apple-ის საბაზრო ღირებულების ნახევარზე ნაკლები იყო. Nvidia-მ Apple-ს სულ რაღაც ორი კვირის წინ გადაასწრო და $3-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ელიტარულ ჯგუფსაც შეუერთდა.
Companies Market Cap-ზე, ოთხშაბათის მონაცემებით, Nvidia-ს აქციების ფასი ერთ დღეში 3.51%-ით, ხოლო ერთი წლის პერიოდში 209%-ითაა გაზრდილი. ამ დროისთვის, ჩიპების მწარმოებლის ერთი აქციის ღირებულება $135.58-ია. რაც შეეხება Microsoft-ს, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი ერთ დღეში 0.45%-ითაა დავარდნილი და $447.58-ს უტოლდება. ცნობისთვის, Nvidia-ს აქციების ფასის შემცირება აქციების 1:10 პრინციპით გაყოფას მოჰყვა. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 10 აქციას მიიღებენ, შედეგად მცირდება აქციის ღირებულება, თუმცა ეს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზე არ აისახება.
ამჟამად $3-ტრილიონიანი საბაზრო ღირებულების მქონე კომპანიების ელიტარულ ჯგუფში კვლავ სამი ამერიკული ფირმა რჩება – Nvidia და Microsoft-ი, შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებზე, და Apple-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.285 ტრილიონს უტოლდება.
Nvidia-ს საბაზრო ღირებულების ზრდასთან ერთად გაიზარდა კომპანიის დამფუძნებლისა და CEO-ს იენსენ ჰუანგის ქონებაც. Forbes-ის მონაცემებით, ჰუანგის ქონების ღირებულება $119 მილიარდამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ბიზნესმენი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-11 ადგილს იკავებს. სულ რაღაც ხუთი წლის წინ ბიზნესმენი, $4-მილიარდიანი ქონებით, Forbes-ის რეიტინგში 546-ე პოზიციას იკავებდა, ერთი წლის წინ კი $12 მილიარდით 76-ე პოზიციას სჯერდებოდა.