ორშაბათის მონაცემებით, ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 2%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პარალელურად გაიზარდა Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციაც და უახლესი შეფასებით, $3.386 ტრილიონს გაუტოლდა.
Nvidia-ს აქციების ღირებულებამ ორშაბათს, სავაჭრო სესიის დახურვისას $138-ს მიაღწია და მოხსნა წინა რეკორდი, $135.58, რომელიც 17 ივნისს დააფიქსირა. გარდა ამისა, სავაჭრო დღის განმავლობაში ჩიპების ამერიკული მწარმოებლის აქციების ღირებულება $139.60-საც გაუტოლდა.
მხოლოდ ოქტომბერში, Nvidia-ს აქციების ღირებულება 19%-ითაა გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3-ტრილიონიან ნიშნულს სექტემბრის ბოლოს გადააჭარბა. მალევე, Nvidia-მ, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში, Microsoft-ს გადაასწრო. ამჯერად, $3.386-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Nvidia მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ Apple-ს ($3.5 ტრილიონი) ჩამორჩება.
Nvidia-ს აქციების ფასის ზრდასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის უმსხვილესი აქციონერისა და დამფუძნებლის, იენსენ ჰუანგის ქონებაც. სამშაბათის მდგომარეობით, ჰუანგის ქონება $3.2 მილიარდითაა გაზრდილი და ის, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, $120.9 მილიარდით, მე-11 პოზიციაზეა წარმოდგენილი.
მილიარდერი Nvidia-ს 75.4 მილიონ აქციას ფლობს. ასევე, სხვადასხვა ტრასტისა და პარტნიორობის მეშვეობით, მის საკუთრებაში 786 მილიონი აქციაც შედის. 2019 წლის შემდეგ ჰუანგის ქონება დაახლოებით $102 მილიარდითაა გაზრდილი.
FactSet-ის პროგნოზით, იანვარში დასრულებული ფისკალური წლისთვის, Nvidia-ს შემოსავალი – $125 მილიარდს, ხოლო წმინდა მოგება $67 მილიარდს მიაღწევს.