ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იენსენ ჰუანგმა Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში LVMH-ის თავმჯდომარეს, ფრანგ ბერნარ არნოს გადაასწრო და მეექვსე პოზიცია დაიკავა. ჰუანგის ქონება მას შემდეგ გაიზარდა და Nvidia-ს აქციების ღირებულებამ, კიდევ ერთხელ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
სამშაბათს, სავაჭრო დღის დაწყების დროისთვის, Nvidia-ს აქციების ღირებულების ზრდამ 4%-ზე მეტი შეადგინა და $171.19-ს მიაღწია. ვაჭრობისას კი, ნახევარგამტარების აქციების ფასმა ახალი რეკორდული ნიშნული, $172.4 დააფიქსირა. შედეგად, ჰუანგი, რომელიც Nvidia-ს აქციების 3%-ს ფლობს, $5.3 მილიარდით გამდიდრდა და $148.1 მილიარდის ქონებით მსოფლიოს მეექვსე უმდიდრესი ადამიანი გახდა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, ჰუანგი პრეზიდენტ ტრამპს და ჩინეთის ხელმძღვანელობას შეხვდა. აშშ-ის მთავრობა მილიარდერს დაჰპირდა, რომ ჩინეთში H20-ს ჩიპების გაყიდვისთვის ლიცენზიას მისცემს. მიწოდება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მანამდე, აპრილში, Nvidia-მ გაყიდვების $5.5 მილიარდით ვარდნა იწინასწარმეტყველა, რაც სწორედ აშშ-ის მხრიდან Nvidia-ს ჩიპების ჩინეთში გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდებოდა. მაშინ ჰუანგმა ისიც განაცხადა, რომ ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების $50-მილიარდიანი ბაზარი „ფაქტობრივად აშშ-ის ინდუსტრიისთვის დახურული იყო“.
სამშაბათს დაფიქსირებული აქციების რეკორდული ღირებულების გავლენით, $145 მილიარდით გაიზარდა Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციაც. ჩიპების ამერიკული მწარმოებელი პირველი და ამჟამად ერთადერთი კომპანიაა, რომლის საბაზრო ღირებულებამ $4-ტრილიონიანი ნიშნული გადალახა. Nvidia-ს შეფასება, უახლესი მონაცემებით, $4.16 ტრილიონს აღწევს და მას Microsoft-ი მოსდევს, $3.76 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციით.