Nvidia-ს ინვესტიცია OpenAI-სა და Anthropic-ში სავარაუდოდ ბოლო იყო - CEO

Nvidia-ს ინვესტიცია OpenAI-სა და Anthropic-ში სავარაუდოდ ბოლო იყო - CEO

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, დიდი ალბათობით, OpenAI-სა და Anthropic-ში განხორციელებული უკანასკნელი ინვესტიციები აღნიშნულ კომპანიებში განთავსებული ბოლო კაპიტალი იყო. ამის მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ორი წამყვანი კომპანიის კომერციული გეგმებია, განათავსოს საკუთარი აქციები საჯარო ვაჭრობისთვის საფონდო ბირჟაზე.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში, Nvidia-მ და OpenAI-მ საზოგადოებას $100-მილიარდიანი შეთანხმების შესახებ ამცნეს. ჯენსენ ჰუანგის განცხადებით კი, Nvidia-ს მიერ OpenAI-ში $30 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება, შესაძლოა კომპანიისათვის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპში ინვესტირების ბოლო შესაძლებლობა იყო. ეს ინვესტიცია ნაწილია დაფინანსების რაუნდის, რომლის ფარგლებში AI-სტარტაპი 100 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალის მოზიდვას ცდილობს. ამ მოცულობის დაფინანსება კომპანიას დაახლოებით 830 მილიარდ დოლარად აფასებს.

ცნობისათვის, OpenAI მიმდინარე წელს IPO-ს გეგმავს, სხვადასხვა შეფასებით კი კომპანიის ღირებულება $1 ტრილიონი იქნება.

ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, OpenAI-ს მსგავსად, Nvidia-ს მიერ ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთ წამყვან კომპანიაში, Anthropic-ში ინვესტირებული $10 მილიარდიც, სავარაუდოდ, ბოლო ინვესტიცია იქნება. მიზეზი აქაც იგივეა. Anthropic-ის გეგმებიც წელს საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსებას უკავშირდება.

ბოლო საინვესტიციო, $30-მილიარდიანი რაუნდის შემდეგ, Anthropic-ის ღირებულება $380 მილიარდით განისაზღვრა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.