Nvidia-ს კვარტალურმა შემოსავალმა $115.8 მლრდ შეადგინა – პირველი ანგარიში ჰუანგის გადადგომის შემდეგ

Nvidia-ს კვარტალურმა შემოსავალმა $115.8 მლრდ შეადგინა – პირველი ანგარიში ჰუანგის გადადგომის შემდეგ

Nvidia-მ 2026 წლის III კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალმა $115.8 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. ეს მისი თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის გადადგომის შემდეგ, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პირველი ფინანსური ანგარიშია.

კომპანიის შემოსავალი ანალიტიკოსების პროგნოზირებულ $109.1 მილიარდს აღემატება. აგვისტოში Nvidia აღნიშნული კვარტალისთვის $108 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებდა, 2%-იანი შესაძლო გადახრით. ერთ აქციაზე მოგებამ $2.68 შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $2.47-ს ელოდნენ.

Nvidia-ს შემოსავლის ძირითადი წყარო კვლავ მონაცემთა ცენტრების მიმართულებაა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში $107.6 მილიარდი გამოიმუშავა. აქედან $60.1 მილიარდი ჰიპერმასშტაბური მონაცემთა ცენტრების ოპერატორებზე მოდიოდა, ხოლო $47.5 მილიარდი – ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვან სერვისებზე, სამრეწველო და კორპორაციულ მომხმარებლებზე.

ცნობისთვის, მომდევნო, მეოთხე კვარტალში Nvidia $130 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს, 3%-იანი შესაძლო გადახრით.

ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებამდე კომპანიის აქციები სავაჭრო დღის ბოლოს 0.4%-ით, $155.46-მდე შემცირდა. თუმცა, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, არასავაჭრო საათებში აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

ეს ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რადგან Nvidia მას ჯენსენ ჰუანგის გადადგომის შემდეგ პირველად აქვეყნებს. კომპანიის დირექტორთა საბჭომ მისი წასვლის შესახებ გასულ ხუთშაბათს განაცხადა. ამჟამად აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი ასრულებს, რომელიც ინვესტორებთან პირველ საკონფერენციო ზარს გამართავს.

ფინანსური შედეგების გარდა, ინვესტორების ყურადღების ცენტრში კომპანიის მემკვიდრეობის საკითხი და ჩინეთის ბაზარზე Nvidia-ს სამომავლო საქმიანობაა. ამასთან, აშშ ცდილობს, დახუროს ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ქვეყანაში ჩიპების კონტრაბანდულად შეტანას შესაძლებელს ხდიდა. სამშაბათს Nvidia-ს საბჭომ ახალი კომიტეტის შექმნის შესახებაც განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსპორტის კონტროლის პოლიტიკას გაუწევს ზედამხედველობას.

ჰუანგის ქონება სავაჭრო დღის ბოლოს $134.2 მილიარდად იყო შეფასებული, რაც ერთ დღეში $2 მილიარდით შემცირებულ მაჩვენებელს წარმოადგენს. Forbes-ის შეფასებით, სკანდალის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექვსი სავაჭრო დღის განმავლობაში მისი ქონება 16%-ით შემცირდა. ჰუანგი Nvidia-ს დაახლოებით 3.5%-იან წილს ფლობს, რის გამოც კომპანიის აქციების მერყეობამ მის ქონებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა.

Forbes-ის გამოთვლებით, კოლეტ კრესის ქონება დაახლოებით $900 მილიონს შეადგენს. სკანდალის ფონზე მისი ქონებაც $300 მილიონით შემცირდა, რის შედეგადაც მან მილიარდერის სტატუსი დაკარგა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი