10 წლის წინ Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია Apple-ის ღირებულების 2%-ს შეადგენდა. დღეს ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს უახლოვდება, Apple-თან ჩამორჩენა კი მინიმალურია. არის შესაძლებლობა, Nvidia-მ iPone-ების მწარმოებელს გადაასწროს და მსოფლიოს მეორე უმსხვილესი კომპანია გახდეს, რასაც ის ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე და, შესაბამისად, ნახევარგამტარებზე მოთხოვნის რეკორდულ ზრდას უნდა უმადლოდეს.
მოცემული დროისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი ლიდერობს, მეორე ადგილს კი სწორედ Apple-ი იკავებს. AI-ზე მსგავსი მოთხოვნის გაგრძელების შემთხვევაში, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციით ორივე კომპანიის გადასწრების პოტენციალი აქვს.
გუშინ, სავაჭრო დღის ბოლოს, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.8 ტრილიონი შეადგინა, რაც 3%-ით ჩამორჩება Apple-ის ღირებულებას ($2.9 ტრილიონი) და 11%-ით – Microsoft-ის ღირებულებას ($3.2 ტრილიონი).
კომპანიის აქციათა ფასი საფონდო ბირჟებზე წლის დასაწყისიდან დღემდე 130%-ით გაიზარდა. Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით წელს ისეთ კომპანიებს გადაუსწრო, როგორიც Amazon-ი და Google-ია. ანალიტიკოსების უმრავლესობის მოსაზრებით, Nvidia-მ ღირებულებით Apple-ს უახლოესი კვირების, შესაძლოა დღეების განმავლობაშიც კი გადაუსწროს.