ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი, Nvidia, სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხანას ააშენებს. პროექტის ღირებულება $500 მილიონია. როგორც ცნობილია, AI-ქარხანასთან დაკავშირებით, Nvidia სომხეთის მთავრობასთან და Firebird-თან ითანამშრომლებს.
„თვეობით მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ, კომპანია Firebird-ი, სომხეთის მთავრობა და Nvidia ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც რეგიონის ტექნოლოგიურ ლანდშაფტს რადიკალურად შეცვლის“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, მხითარ ჰაირაპეტიანმა Faceebok-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ჰაირაპეტიანის შეფასებით, სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გლობალურ რბოლას არა როგორც გარე მაყურებლის, არამედ უკვე როგორც ახალი შესაძლებლობების შემქმნელის რანგში უერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia-ს, Firebird-ისა და სომხეთის მთავრობის პარტნიორობით დაანონსებული AI-ქარხანა $500 მილიონის ინვესტიციით განხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, სომხეთის ქარხანაში Nvidia Blackwell-ის ათასობით გრაფიკული პროცესორი განთავსდება და 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ინფრასტრუქტურა შეიქნება. პროექტის გაშვება 2026 წლისთვის იგეგმება.
„ხელოვნური ინტელექტის ქარხანა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და მეწარმეობის პლატფორმაც იქნება. ის [ქარხანა] ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტარტაპების განვითარებას, უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციას და სომხეთს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად აქცევს“, – განაცხადა ჰაირაპეტიანმა და დაამატა, რომ ეს პროექტი სომხეთის გრძელვადიან ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩადებული სტრატეგიული ინვესტიციაა.