ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა Nvidia-მ ხელი მოაწერა განზრახვის წერილს, რომელიც ბრიტანულ Wayve-ში, მომდევნო დაფინანსების რაუნდში, 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების სტარტაპმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის გეგმები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ბრიტანეთმა და აშშ-მა ტექნოლოგიური თანამშრომლობის ახალ პაქტს მოაწერეს ხელი. ის ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სფეროებში ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ლონდონში დაფუძნებული Wayve თვითმართვადი სისტემების განსხვავებულ მიდგომას იყენებს: ტრადიციული დეტალური ციფრული რუკებისა და წინასწარი კოდირების ნაცვლად, მისი ტექნოლოგია მანქანურ სწავლებას ეფუძნება და ავტომობილებზე დამონტაჟებულ სენსორულ კამერებს, რომლებიც მოძრაობის ნიმუშებსა და მძღოლების ქცევას სწავლობს.
Wayve ამჟამად ბრიტანეთსა და აშშ-ში ოპერირებს და ტესტირებას გერმანიასა და იაპონიაში აფართოებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ავტონომიური მართვის პლატფორმები Nvidia-ს ჩიპებზე მუშაობს, რომლებიც გლობალური AI-ბუმის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებლად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, გუშინ Nvidia-მ განაცხადა, რომ ბრიტანეთის AI-სტარტაპ ეკოსისტემაში ჯამში 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის) ინვესტიციას განახორციელებს.