NYT: Meta პროგნოზების ბაზრის ახალ აპლიკაციაზე მუშაობს

NYT: Meta პროგნოზების ბაზრის ახალ აპლიკაციაზე მუშაობს

ფოტო: David Paul Morris/Bloomberg | Getty Images

 

Meta პროგნოზების ბაზრის ახალი აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც პოპულარულ პლატფორმებს, Polymarket-სა და Kalshi-ს, კონკურენციას გაუწევს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მცირე გუნდს ახალი პროდუქტის, სახელწოდებით „Arena“-ს შექმნა დაავალა.  როგორც ცნობილია, პროექტი Meta-ს სოციალური მედიისა და მესენჯერის პლატფორმებისგან – Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ისგან – დამოუკიდებლად იმუშავებს.

არსებული გეგმის მიხედვით, მომხმარებლები თავდაპირველად ფსონებს რეალური ფულის ნაცვლად ვიდეოთამაშების ქულებით განათავსებენ, თუმცა მომავალში პლატფორმაზე რეალური ფულით ფსონების განთავსების შესაძლებლობაც შეიძლება დაემატოს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შორს არის პროექტი განვითარების პროცესში. Meta-მ The New York Times-ს კომენტარზე უარი უთხრა, ხოლო ამერიკული Forbes-ის მოთხოვნისთვის ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

აღსანიშნავია, რომ Meta-ს მსგავსი პროექტი წარსულშიც ჰქონდა. კომპანიამ 2020 წელს პროგნოზირების პლატფორმა Forecast-ი გამოუშვა, სადაც მომხმარებლები რეალური ფულის ნაცვლად ქულებს იყენებდნენ. თუმცა Meta-მ პროექტი ორი წლის შემდეგ დახურა.

Pew Research-ის მონაცემებით, Polymarket-მა და Kalshi-მ მხოლოდ აპრილში ჯამურად 23.8 მილიარდ დოლარზე მეტის სავაჭრო ბრუნვა დააფიქსირეს.

მზარდმა პოპულარობამ ტრადიციული სპორტული ფსონების კომპანიებიც მიიზიდა. გასული წლის განმავლობაში საკუთარი პროგნოზირების ბაზრები შექმნეს DraftKings-მა და FanDuel-მაც.

The New York Times-ის ცნობით, Meta სხვა ახალ პროდუქტებზეც მუშაობს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ ფოტოაპლიკაციაზე, რომელიც სავარაუდოდ „Meta Photos“-ს სახელით გამოვა.